ამერიკელი რეპერი და ბიზნესმენი, შონ კარტერი, ფსევდონიმით ჯეი ზი, შონ კომბსთან (იგივე Puff Daddy) ერთად 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში დაადანაშაულეს.
ანონიმური მომჩივანის თქმით, მუსიკოსებმა მასზე 2000 წელს, MTV Video Music Awards-ის შემდგომ წვეულებაზე იძალადეს.
ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ ოთახში კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი (ქალი, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის) იმყოფებოდა, რომელიც უყურებდა, თუ როგორ ანაცვლებდნენ ერთმანეთს კომბსი და კარტერი არასრულწლოვნის გაუპატიურების დროს. ამასთან, მისი თქმით, წვეულებაზე მყოფ არცერთ პირს ძალადობის შეჩერება არ უცდია.
ნიუ იორკის სამხერთ ოლქის სასამართლოში ფედერალური სარჩელი, რომელშიც ბრალდებულად შონ კომბსი სახელდებოდა ოქტომბერში შევიდა. კარტერის გვარი კი საქმეში გუშინ დასახელდა.
პარალელურად, ჯეი ზიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბრალდებას "იდიოტურს" უწოდებს, სავარაუდო მსხვერპლთა მთავარ ადვოკატს, ტონი ბაზბის კი არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.
"ეს ბრალდებები იმდენად მძიმე და საზარელია, მოგიწოდებთ, რომ სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანოთ და არა სამოქალაქო! ვინც ასეთ დანაშაულს ჩადის არასრულწლოვნის წინააღმდეგ, ის ციხეში უნდა ჩაჯდეს, ხომ მეთანხმებით? ეს რომ სიმართლე იყოს, სავარაუდო მსხვერპლები ნამდვილ სამართალს იმსახურებენ". - აღნიშნავს ჯეი ზი.
ამასთან, რეპერი აცხადებს, ტონი ბაზბის მხრიდან ადგილი ჰქონდა "შანტაჟის მცდელობას". ჯეი ზის თქმით, ბაზბიმ ჩათვალა, რომ ბრალდების ხასიათი და საზოგადოების მხრიდან საქმისადმი ყურადღება, მას აიძულებდა დათანხმებოდა შეთანხმებას.
"არა ბატონო, ამას [შანტაჟს] საპირისპირო ეფექტი ჰქონდა. ამან მოტივაცია მომცა, რომ საჯაროდ გამხილოთ თაღლითობაში. ასე რომ, არა, მე თქვენ არც ერთ თეთრს არ მოგცემთ!". - წერს ჯეი ზი.
შონ კომბსის (იგივე Puff Daddy) პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს. მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომბის ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, რეპერი 2024 წლის 16 სექტემბერს, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, მაინც დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს.
აშშ-ს პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.
2 ოქტომბერს, ადვოკატების ჯგუფმა განაცხადა, რომ რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დამატებით 100-ზე მეტი ახალი სარჩელი მზადდება.
კომბსს სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები - 120 მომჩივანიდან 25, შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 9 წლის იყოს.





