ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ, 30 ნოემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში ნაციონალური მოძრაობა "შეიჭრა".
"მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელში ნაციონალური მოძრაობის შეჭრის ფაქტს გამოვეხმაურო. ამ აქტით მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა. ამასთან, ყოველგვარი ირონიის გარეშე, მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ ნაციონალებს გუშინდელი ეთერისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან მათ ამ ეთერით ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია ნაციონალის ნამდვილი სახე. ბოდიშს ვუხდი რამდენიმე გულწრფელ და შეცდომაში შეყვანილ ადამიანს, რომლის გამოსწორებაც, მგონია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია". - თქვა კობახიძემ.
30 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აქციის მონაწილეებს პირდაპირი ეთერი დაუთმო. ეთერის განმავლობაში, ერთმანეთის მონაცვლეობით, 4 ადამიანისგან შემდგარი, ოპოზიციურად განწყობილი სხვადასხვა ჯგუფი საუბრობდა.
აქციის მონაწილეების თქმით, პირველი არხის ჟურნალისტები და ოპერატორები მიმდინარე მოვლენებს არ აშუქებენ და მათ არც პირდაპირ ეთერს უთმობენ, რის გამოც, ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბნენ და არხის ხელმძღვანელობისგან პირდაპირი ეთერი მოითხოვეს.





