დაშავდა შსს-ს ერთი თანამშრომელი, თავი შეიკავეთ ძალადობრივი ქმედებებისგან - შსს აქციას

საპროტესტო აქცია პარლამენტთან, 28 ნოემბერი
ფოტო: ტაბულა

შინაგანს საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერენ, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან "სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად" შსს-ს ერთი თანამშრომელი დაშავდა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს "თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან".

"პოლიციის მხრიდან, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების მიმართ, გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად." - წერია განცხადებაში.


ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.

პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა. 

დედაქალაქში მოქალაქეები ქართული ოცნების ოფისთან და საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, ოცნების ოფისთან შეკრებილებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

აქციას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა სპეცრაზმსაც მიმართა.

კომენტარები