ევროკავშირი-საქართველო

რა წერია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

ლუკა ახალაია/ტაბულა

28 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო არჩევნების გაყალბების შემდეგ, ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ ხუთი პარტიის - ევროპის სახალხო პარტია (EPP), მწვანეები და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D), ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), განახლებული ევროპა (Renew Europe) და მწვანეები (Verts/ALE) - მიერ წარდგენილი ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

ერთობლივ რეზოლუციაში ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რიგი ზომების მიღებას ითხოვენ, მათ შორის, ქართული ოცნების წარმომადგენლების დასანქცირებას, ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესებას და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვას.

ევროპარლამენტარები ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, არ აღიარონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ვინაიდან არჩევნებზე დარღვევების მასშტაბებმა პროცესის "ლეგიტიმურობის შელახვა გამოიწვია".

"მნიშვნელოვანი დარღვევებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტარები უარყოფენ საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მოითხოვენ ერთი წლის განმავლობაში [არჩევნების] ხელახალ ჩატარებას". - წერია ევროპარლამენტის განცხადებაში.

რეზოლუციას 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 72 წინააღმდეგი იყო, ხოლო 82-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

გთავაზობთ რეზოლუციის ძირითად ნაწილს:

1. გმობს ფაქტს, რომ საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩაატარა არჩევნები, რომელმაც არ დაიცვა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები და მისი, როგორც ეუთოს წევრის, ვალდებულებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიმართ; ხაზს უსვამს, რომ არჩევნების სანდოობის მხრივ დარღვევები შეუსაბამობაშია იმ სტანდარტებთან, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან; ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არჩევნების ჩატარების [პროცედურა] მორიგი გამოვლინება იყო დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების, რომელზეც მმართველი პარტია სრულადაა პასუხისმგებელი;

2. მკაცრად გმობს მრავალ და სერიოზულ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის, დოკუმენტირებულ შემთხვევებს დაშინების, ხმის მანიპულაციის, ბიულეტენების ჩაყრის, არჩევნების დამკვირვებლებისა და მედიის საქმიანობაში ჩარევის, ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების ისეთი მანიპულაციის აღრიცხულ შემთხვევებს, რომელიც საშუალებას იძლეოდა, ერთი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით რამდენიმე ხმის მიცემას, [გმობს] ფინანსური რესურსების მხრივ მნიშვნელოვან უთანაბრობას, თანამდებობაზე ყოფნით მიღებულ უპირატესობებსა და მძიმე პროცედურული დარღვევების გამოუძიებლობას;

3. მიიჩნევს, რომ აღრიცხული არჩევნების მასშტაბური გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სანდოობას, შედეგების ლეგიტიმურობასა და საზოგადოების ნდობას ნებისმიერი ახალი მთავრობისადმი და რომ შედეგები არ არის სანდო გამოხატულება ქართველი ხალხის ნებისა;

4. ცნობს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების მკაცრად დაგმობას, როგორც გაყალბებულად და მის გადაწყვეტილებას, არ აღიაროს შედეგები; აფასებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას, დააბრუნოს ქვეყანა განვითარების დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე;

5. მიიჩნევს, რომ დარღვევების მასშტაბების გამო არჩევნების ლეგიტიმურობის სერიოზულად შელახვით, საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების შედეგები არ უნდა აღიაროს; მაშასადამე, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მოუწოდებს, რომ ერთი წლის განმავლობაში [არჩევნები] ხელახლა ჩატარდეს, პროცესის გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარებით, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი;

6. მხარს უჭერს მოწოდებას იმ საარჩევნო მანიპულაციების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებისკენ, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლინდა;

7. მიესალმება ევროპის საგარეო ქმედების სერვისების გადაწყვეტილებას, საქართველოში ტექნიკური მისია გააგზავნოს; მოუწოდებს EEAS-სა და ევროკომისიას, დააფუძნოს ფართო მისიის მანდატი, რომელიც შეძლებს მოქმედებას ეუთოს საარჩევნო დაკვირვების ჩარჩოსა და მეთოდოლოგიის ზღვარს მიღმაც, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის არჩევნების დაკვირვების მეთოდოლოგიისგან, რადგან ეუთოს მეთოდოლოგიას ყოველთვის არ შეუძლია ყურადღების ადეკვატურად მიპყრობა ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხმის მიცემის დღემდე ხდება, კერძოდ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა დაშინების და არჩევნების ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის კარგად დამკვიდრებული სისტემა არსებობს;

8. გამოხატავს შეშფოთებას პროკურორის ოფისის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის კონფისკაციას. მოუწოდებს სათავეში მყოფ პირებს, უზრუნველყოფილი იყოს არჩევნებში მონაწილეობაზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის დაცვა მონაცემთა დაცვის უმაღლესი სტანდარტებით. ხაზს უსვამს არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემების დაცვის მნიშვნელობას და რელევანტური დაინტერესებული პირებისთვის მათ ხელმისაწვდომობას, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ეს მონაცემები შეიცავდნენ ნებისმიერი დარღვევის საკვანძო მტკიცებულებას;

9. გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს სასამართლო ინსტიტუტების მიერ კოორდინირებულად არაერთი საარჩევნო თაღლითობის საჩივრის უარყოფაზე, ასევე ცესკოს მიერ აღრიცხულ საარჩევნო ინციდენტების არ გამოძიების საკითხზე. მიიჩნევს, რომ საზოგადოებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში გამოხატული ჭეშმარიტი შეშფოთების უგულებელყოფით, საქართველოს ხელისუფლებას თვითნებურად მიჰყავს ქვეყანა ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისისა და საქართველოს დემოკრატიული პარტნიორების მიერ საერთაშორისო იზოლაციისკენ;

10. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებაზე, რაც გამოწვეულია გენდერული კვოტების გაუქმებით და მოუწოდებს პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისკენ;

11. მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ იმ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევებზე, ადმინისტრაციული ძალის ბოროტად გამოყენებაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების არასწორ გამოყენებაზე, როგორებიც არიან: პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი, და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, და [მოუწოდებს], რომ ეს სანქციები გავრცელდეს მოსამართლეებზეც, რომლებიც იღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს; იმეორებს მოწოდებას [ევროპული] საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ დაუწესონ მყისიერი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს და რომ გაყინონ ყველა მისი აქტივები ევროკავშირის შიგნით, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვისა და ქვეყნის კონსტიტუციურად გაცხადებული მიზნების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის, მათ შორის, ქვეყანაზე რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის მხრივ გაწეული ძალისხმევისთვის;

12. ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა საარსებო მნიშვნელობისაა ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სტანდარტებისთვის და მოუწოდებს კომისიასა და საბჭოს, გადახედოს საქართველოს უვიზო სტატუსს, [ამის] შეჩერების ალბათობით, თუკი ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებაზე არ არის დაცული;

13. მოუწოდებს ევროკავშირს, რომ მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონის ფორმალური კონტაქტი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან;

14. გმობს უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტს საქართველოში, რაც იყო ევროკავშირის პოზიციების დარღვევა და მორიგი მცდელობა, ძირი გამოეთხაროს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას; ხაზს უსვამს, რომ კიდევ ერთხელ, პრემიერმინისტრმა ორბანმა ევროკავშირის სახელით არ ილაპარაკა;

15. იხსენებს, რომ ახალი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, როგორიცაა "კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია; იხსენებს, რომ ევროკავშირმა ასევე გაყინა საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა; ხაზს უსვამს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელება არა მხოლოდ სამწუხარო მოვლენაა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ერთ დროს ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, არამედ ასევე [უკუსვლის] შებრუნება და აღნიშნული ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის ნაწილები უკან გაწვევაა საჭირო, რათა ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობები თავის გზას დაუბრუნდეს; წუხს, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო მიანიშნებს მმართველი პარტიის მიერ ავტორიტარიზმისკენ გადახრას და ქართველი ხალხის პროევროპული მისწრაფებებისთვის ღალატს; იხსენებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ; ახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის პროდასავლურ კურსსა და მის ევროკავშირში გაწევრიანებას;

16. შეშფოთებულია დაშინებისა და პოლარიზაციის კლიმატით, რომელიც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ასევე [შეშფოთებულია] პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგ თავდასხმებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მუქარის, მათი ლიდერებისა და სულაც ჩვეულებრივი მხარდამჭერების დაკავების, და განსხვავებული აზრის ჩახშობის, მეშვეობით; აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ლეგალურად დაფუძნებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა გააუცხოებს საქართველოს ევროკავშირისგან და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნებისმიერ ნაბიჯს შეუძლებელს გახდის;

17. მტკიცედ გმობს საქართველოს შიგნით დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის სისტემატურ ჩარევას, მათ შორის ამომრჩევლების დაშინების, ხმების ყიდვისა და დეზინფორმაციის მხრივ, როგორიცაა "გლობალური ომის პარტიის" შეთქმულების თეორია; გმობს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებისა და მთავრობასთან აფილირებული მედიის მიერ გავრცელებულ და გაძლიერებული დეზინფორმაციულ ნარატივებს წინასაარჩევნო პერიოდში; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და კომუნიკაცია, რომ თავი შეიკავოს ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდისგან, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან, და [მოუწოდებს] რომ გააძლიეროს საქართველოს საზოგადოების მედეგობა რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ;

18. იხსენებს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის სამიტზე მიანიჭა იმ გაგებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს კომისიის რეკომენდაციაში გაწერილი შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა; ხაზგასმით ამბობს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები ცხადად ამ ამბიციის წინააღმდეგ მოქმედებს; ეთანხმება კომისიის 2024 წლის გაფართოების პაკეტში წარდგენილ შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განუსაზღვრელი დროით უნდა შეჩერდეს საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული დემოკრატიული უკუსვლის შედეგად; ხაზს უსვამს, რომ ქართული ოცნების მიერ გატარებული პოლიტიკა შეუსაბამობაშია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან;

19. იმეორებს მის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, კორუფციისგან თავისუფლად, [ქვეყანაში] რომელიც სრულად სცემს პატივს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებსა და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეების შეკრების უფლება და რომ თავი შეიკავოს მათ წინააღმდეგ არაკანონიერი ძალის გამოყენებისგან;

20. მოუწოდებს [ევროპულ] საბჭოს, კომისიას, EEAS-ს [ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური] და ახალი VP/HR-ს [ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი], ჩაატაროს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვა და რევიზია; მოუწოდებს კომისიას, გამოიყენოს გაყინული €120 მილიონი, რომელიც თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, კერძოდ, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც მზარდად ხვდება მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან შეუსაბამო წნეხის ქვეშ, ასევე [მოუწოდებს], მხარი დაუჭიროს პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერს დემოკრატიულ მედეგობასა და არჩევნების სანდოობას; მიესალმება VP/HR [ჯოზეფ] ბორელის შემოთავაზებას, ასეც მოხდეს; მოუწოდებს, მორგებული იყოს ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმები, რომ გათვალისწინებული იყოს საჭიროებები, რომელიც ჩნდება უფრო მტრულ და ანტიდემოკრატიულ გარემოებებში;

21. მტკიცედ იმეორებს დაჟინებულ მოთხოვნას, ჰუმანიტარულ საფუძველზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მყისიერი გათავისუფლებისკენ; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას სრული და უდავო პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილი პრეზიდენტის, მიხელი სააკაშვილის, სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მას მიადგება; იმეორებს მის მოწოდებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება, რომ შეიწყალოს იგი;

22. მიუთითებს პრეზიდენტს, რომ ეს რეზოლუცია გაუგზავნოს კომისიის ვიცეპრეზიდენტსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, [ევროპულ] საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროსაბჭოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.

კომენტარები