სირიის ქალაქ ალეპოში ამბოხებულები სამხედრო პოზიციებს დაესხნენ თავს. გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციურმა ძალებმა რამდენიმე სოფელი დაიკავეს და სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის არმიის კუთვნილი 2 ტანკი ჩაიგდეს ხელში.
საპასუხოდ, სირიის არმიამ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ამბოხებულთა მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს.
გავრცელებული ცნობებით, შეტევა ხასიათდებოდა საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის ინტენსიური გაცვლით სირიის სამთავრობო ძალებსა და თაჰრირ ალ-შამთან (HTS) დაკავშირებულ ჯგუფებს შორის. თავის მხრივ, სამთავრობო ძალებმა ამბოხებულთა პოზიციები დაბომბეს ათარიბის, დარატ იზას და სხვა სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ასევე იტყობინება, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ამბოხებულთა წინსვლის შეჩერების მიზნით, მათ წინააღმდეგ ვაკუუმური ბომბები გამოიყენა.
აღნიშნული თავდასხმა, რის შედეგადაც ამბოხებულებმა საკვანძო პოზიციები დაიკავეს, სირიის სამოქალაქო ომის შედარებითი სტაგნაციის პერიოდის ფონზე ხდება. ბოლო წლების განმავლობაში ეს კონფლიქტი ძირითადად გაყინული იყო. თაჰრირ ალ-შამი და მისი მოკავშირე ჯგუფების თავდასხმები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ალეპოში ასადის ძალებზე ზეწოლას ისახავს მიზნად.
სირიის მთავრობამ, რომელსაც რუსეთი სამხედრო ძალებით ეხმარება, ბოლო წლებში სირიის ტერიტორიების უდიდეს ნაწილზე კონტროლის მოპოვება შეძლო.
ოპოზიციური ძალების მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების ხელახალი დაწყება შეიძლება მათ მიერ სტრატეგიის ცვლილებასა და განახლებულ ძალისხმევაზე მიუთითებდეს - მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით.