დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზებთან უცნობი დრონები შენიშნეს

ლეიკენჰიტის ბაზა

დიდ ბრიტანეთში სამი სამხედრო ბაზის მახლობლად, რომლებსაც აშშ-ს სამხედრო ძალები იყენებენ, ამოუცნობი წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს.

ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების განცხადების თანახმად, დრონები პირველად გასულ კვირას სამეფო საჰაერო ძალების ლეიკენჰიტის, მილდენჰოლისა და ფელტუელის  ბაზებთან დააფიქსირეს. მეორედ დრონები 25 ნოემბერს შეამჩნიეს. სამშაბათს, აშშ-ს საჰაერო ძალებმა დაადასტურეს, რომ "სიტუაცია ჯერ ისევ გრძელდებოდა".

"სხვადასხვა რაოდენობის პატარა უპილოტო საჰაერო სისტემები განსხვავდებოდა ზომისა და კონფიგურაციის მიხედვით" - ნათქვამია განცხადებაში.

სამივე ბაზა აღმოსავლეთ ინგლისში, კემბრიჯსა და ნორვიჩს შორის, ლონდონიდან დაახლოებით ორი საათის გზაზე მდებარეობს.

შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლის ინფორმაციით, დრონებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ან ინფრასტრუქტურისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებიათ. 

"მე შემიძლია დავადასტურო, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ საჰაერო სივრცის მონიტორინგს და მუშაობენ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასთან და მისიის პარტნიორებთან, რათა უზრუნველყონ ბაზის პერსონალის, ობიექტების და აქტივების უსაფრთხოება" - თქვა  აშშ-ს საჰაერო ძალების სპიკერმა.

BBC-ს ცნობით, დრონების წარმომავლობის დასადგენად გამოძიებაში გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების 60-მდე სპეციალისტია ჩართული.

არც აშშ-ს და არც გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, ვინ შესაძლოა იდგეს უპილოტო თვითმფრინავების ბოლო აქტივობის უკან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ არაერთხელ თქვა, რომ რუსეთი უკრაინის მხარდამჭერი დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ დივერსიულ ოპერაციებს აფართოებს.

კომენტარები