უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას 2025 წელს რუსეთთან ომის დასრულების "ყველა შანსი" აქვს. მისივე თქმით, ფიქრობს, რომ იანვარში ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას იხილავენ და "ომის დასრულების გეგმა ექნებათ".
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ არ სურს, "დეზინფორმაციის რუსულმა ხარისხმა" ადამიანებს აფიქრებინოს, რომ უკრაინას არ სურს, სხვა პარტნიორების, კონტინენტებისა და ქვეყნების შეთავაზებები მოისმინოს.
"კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ღია ვართ როგორც აფრიკული ქვეყნების ლიდერებისთვის, ისე აზიისა და არაბი სახელმწიფოებისთვის... მზად ვართ, მათი შეთავაზებები ვნახოთ. ასევე მსურს, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის შეთავაზება ვიხილო. ვფიქრობ, რომ ამ შეთავაზებას უკვე იანვარში ვნახავთ და მგონია, რომ ამ ომის დასრულების გეგმა გვექნება.
დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ამის გაკეთების (რედ. - ომის დასრულების) ყველა შანსი გვაქვს. ამისთვის არსებობს შესაბამისი ნაბიჯები... ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი ყველა ამ ნაბიჯზე არ წავა, მაგრამ არსებობს გაეროს ქარტია და ჩვენს ყველა ნაბიჯს, რომელიც გაეროს ქარტიაზე არის დაფუძნებული, პარტნიორები მხარს დაუჭერენ". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ იცის, თუ ზუსტად როდის გაიმართება ტრამპთან შეხვედრები და ეს კანონმდებლობის გათვალისწინებით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოხერხდება.
"არ ვიცი, როდის იქნება შეხვედრები, არ მაქვს მონაცემები, გუნდები მუშაობენ. ეს დამოკიდებულია მრავალ რამეზე, ეს არა მხოლოდ გრაფიკებზე, არამედ ასეთი შეხვედრების ლეგიტიმურობაზეც არის დამოკიდებული. თუ შეხვედრები გვინდა, რომლებზეც გარკვეული საკითხები გადაიჭრება... ამის კანონიერი შესაძლებლობა ინაუგურაციის შემდეგ იქნება". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ ამ შეხვედრების დაწყებამდე მნიშვნელოვანია, რომ "ამა თუ იმ ტალღებს, ამა თუ იმ წრეებს" საშუალება არ მიეცეთ, რომ "უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის დაპირისპირება წარმოქმნან". მისივე თქმით, "ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბევრს სურს".





