რესპუბლიკელი კონგრესმენის, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისა და კანონპროექტი MEGOBARI Act-ის ავტორის, ჯო უილსონის თქმით, კონგრესში მუშაობენ, რათა კანონპროექტის წარდგენა კენჭისყრაზე "დადებითად გადაწყდეს". ამის შესახებ კონგრესმენმა გამოცემა ამერიკის ხმასთან ისაუბრა.
უილსონმა ქართველი ხალხისა და ქვეყნის პროდასავლური კურსისადმი მხარდაჭერა გაიმეორა.
"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. MEGOBARI Act უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს". - თქვა უილსონმა.
ამერიკის ხმის ცნობით, უილსონმა კომენტარი გააკეთა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც.
"მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში". - აღნიშნა უილსონმა.
უილსონის მიერ შემუშავებული და კონგრესში წარდგენილი MEGOBARI Act, რომელიც კონგრესში ივლისში დამტკიცდა, მოიცავს სანქციებს საქართველოში რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა პალატის სრული შემადგენლობისთვის MEGOBARI Act-ის წარდგენასა და მხარდაჭერას, კონგრესმენმა უპასუხა, რომ ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც MEGOBARI Act კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს". - უთხრა უილსონმა ამერიკის ხმას.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და MEGOBARI Act-ის შემმუშავებელი ჯო უილსონია.
უილსონის თქმით, იგი მზადაა აღნიშნული თანამდებობა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის გატარებას მოახმაროს, რათა ამერიკა თავის უცხოელ მტრებს გაუმკლავდეს.
"პრიორიტეტები, რომლებსაც მე ძალიან მინდა, მხარი დავუჭირო, მარკო რუბიოსთან ერთად მუშაობით, არის დონალდ ტრამპის პოლიტიკის პუნქტები, რომ ისინი სრულად ავუხსნა და წარვუდგინო ამერიკელ ხალხს ისე, რომ მათ ეს გაიგონ". - განაცხადა უილსონმა National Review-თან საუბრისას.
ამასთანავე, უილსონს ეროვნულ უსაფრთხოებაში ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მთავარ კანდიდატებთან, კერძოდ, რუბიოსთან, ელის სტეფანიკთან, მაიკ უოლცთან და ჯონ რეტკლიფთან, ერთად მუშაობის ისტორია აქვს.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ასევე საქართველოს მთავრობის არადემოკრატიული ნაბიჯების ხშირი კრიტიკით არის ცნობილი. მის მიერ შემუშავებული და კონგრესში წარდგენილი "MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს საქართველოში რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას.
-
ჰელსინკის კომისიამ MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები გამოაქვეყნა
-
რა ნაბიჯები გადადგა დასავლეთმა დღემდე "ქართული ოცნების" საპასუხოდ
უილსონი ცალსახად ეწინააღმდეგებოდა საქართველოში რუსული კანონის მიღებას:
"სამწუხაროდ, პრორუსული [ქართული ოცნების] მთავრობა პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის, რომლებიც კრემლის ბნელ საუკუნეებზე უარს ამბობენ. თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ რეპრესიები უნდა შეწყდეს". - განაცხადა მან 19 მაისს.
ხოლო 10 ივლისს უილსონმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ქართველი ხალხის მიზანდასახულობის პასუხად ქართულმა ოცნებამ მიიღო რუსული სტილის ორაზროვანი კანონი, რომელიც თვითნებური დაკავებისა და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციის საშუალებას იძლევა".
საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი უილსონმა ბიძინა ივანიშვილს "რუსეთის მარიონეტი" უწოდა და მისი დასანქცირება კიდევ ერთხელ მოითხოვა:
"რუსეთის მარიონეტი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად გადაქცევაზე პუტინთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მუშაობს. აშშ-მ ის ბოლოს და ბოლოს უნდა დაასანქციროს, როგორც მე და სპიკერი [მაიკ] ჯონსონი 2020 წელს რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში ვითხოვდით". - დაწერა მან X-ზე 2 ნოემბერს.
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს მაიკლ მაკკოლს კანონით აქვს შეზღუდული თანამდებობაზე კიდევ ორი წლით ყოფნა. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობისთვის კენჭისყრა ჩატარდება. უილსონის გარდა სხვა კანდიდატებს შორის არიან კონგრესმენები დერილ ისა, ბრაიენ მასტი და ენ ვაგნერი. აშშ-ს 119-ე მოწვევის კონგრესი მუშაობას 3 იანვარს დაიწყებს.