აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და MEGOBARI Act-ის შემმუშავებელი ჯო უილსონია.
უილსონის თქმით, იგი მზადაა აღნიშნული თანამდებობა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის გატარებას მოახმაროს, რათა ამერიკა თავის უცხოელ მტრებს გაუმკლავდეს.
"პრიორიტეტები, რომლებსაც მე ძალიან მინდა, მხარი დავუჭირო, მარკო რუბიოსთან ერთად მუშაობით, არის დონალდ ტრამპის პოლიტიკის პუნქტები, რომ ისინი სრულად ავუხსნა და წარვუდგინო ამერიკელ ხალხს ისე, რომ მათ ეს გაიგონ". - განაცხადა უილსონმა National Review-თან საუბრისას.
მისი თქმით, "დემოკრატიული [პარტიის] ადმინისტრაციის შემთხვევაში, ეს პირიქით იქნებოდა. ეს ზედამხედველობა იქნებოდა. მაგრამ [ამ შემთხვევაში] ეს პოლიტიკის წინ წაწევა იქნება, კონკრეტულად განვითარების პროცესში, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა ძალის მეშვეობით".
წარსულში უილსონი თანასპონსორი იყო კანონპროექტის, რომლის მიზანიც ირანის წინააღმდეგ მაქსიმალური წნეხის მქონე სანქციების კამპანიის კოდიფიცირება და ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ აშშ-ს ძალისხმევის გაძლიერება იყო.
ამასთანავე, უილსონს ეროვნულ უსაფრთხოებაში ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მთავარ კანდიდატებთან, კერძოდ, რუბიოსთან, ელის სტეფანიკთან, მაიკ უოლცთან და ჯონ რეტკლიფთან, ერთად მუშაობის ისტორია აქვს.
რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ
უილსონის თქმით, ეს გუნდი მზადაა, დაუპირისპირდეს იმ რეალობას, რომელშიც "ბოროტების ღერძი, დიქტატორებით იარაღის უზენაესობის პრინციპით, იჭრებიან კანონის უზენაესობის მქონე დემოკრატიებში".
ამას გარდა, უილსონი ბაიდენის ადმინისტრაციის "გულუბრყვილო პოლიტიკის" გამკრიტიკებელია. იგი ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდის საგარეო პოლიტიკას აქებს, მათ შორის ირანის წინააღმდეგ წნეხის კამპანიას, ჩინეთის წინააღმდეგ უფრო მტკიცე პოლიტიკას და, უკრაინისთვის ჯაველინების მიწოდებითა და Nord Stream 2-ის შეჩერებით, ვლადიმირ პუტინის შეკავების მცდელობას.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ასევე საქართველოს მთავრობის არადემოკრატიული ნაბიჯების ხშირი კრიტიკით არის ცნობილი. მის მიერ შემუშავებული და კონგრესში წარდგენილი "MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს საქართველოში რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას.
-
ჰელსინკის კომისიამ MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები გამოაქვეყნა
-
რა ნაბიჯები გადადგა დასავლეთმა დღემდე "ქართული ოცნების" საპასუხოდ
უილსონი ცალსახად ეწინააღმდეგებოდა საქართველოში რუსული კანონის მიღებას:
"სამწუხაროდ, პრორუსული [ქართული ოცნების] მთავრობა პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის, რომლებიც კრემლის ბნელ საუკუნეებზე უარს ამბობენ. თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ რეპრესიები უნდა შეწყდეს". - განაცხადა მან 19 მაისს.
ხოლო 10 ივლისს უილსონმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ქართველი ხალხის მიზანდასახულობის პასუხად ქართულმა ოცნებამ მიიღო რუსული სტილის ორაზროვანი კანონი, რომელიც თვითნებური დაკავებისა და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციის საშუალებას იძლევა".
საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი უილსონმა ბიძინა ივანიშვილს "რუსეთის მარიონეტი" უწოდა და მისი დასანქცირება კიდევ ერთხელ მოითხოვა:
"რუსეთის მარიონეტი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად გადაქცევაზე პუტინთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მუშაობს. აშშ-მ ის ბოლოს და ბოლოს უნდა დაასანქციროს, როგორც მე და სპიკერი [მაიკ] ჯონსონი 2020 წელს რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში ვითხოვდით". - დაწერა მან X-ზე 2 ნოემბერს.
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს მაიკლ მაკკოლს კანონით აქვს შეზღუდული თანამდებობაზე კიდევ ორი წლით ყოფნა. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობისთვის კენჭისყრა ჩატარდება. უილსონის გარდა სხვა კანდიდატებს შორის არიან კონგრესმენები დერილ ისა, ბრაიენ მასტი და ენ ვაგნერი. აშშ-ს 119-ე მოწვევის კონგრესი მუშაობას 3 იანვარს დაიწყებს.