პრეზიდენტის არჩევნები

როგორ აირჩევა ახალი პრეზიდენტი – შალვა პაპუაშვილის განმარტება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, როგორ ჩატარდება ახალი პრეზიდენტის არჩევნები. პაპუაშვილის თქმით, არჩევნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება და მასში 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, როგორც პაპუაშვილი განმარტავს, არჩევნებს ცესკო ღია კენჭისყრის პრინციპით ჩაატარებს, კენჭისყრა 5 საათს  გაგრძელდება. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატურა არ დაასახელა. პაპუაშვილი, ამბობს, რომ პრეზიდენტი "იქნება ქართველი პატრიოტი". 

"პირველად მოხდება არაპირდაპირი წესით არჩევა საქართველოს პრეზიდენტის და ამით ჩვენ დავასრულებთ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას მისი ყველა ვიზუალური გამოვლინებებითაც და აღქმებითაც. 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია იქნება, რომლისგანაც ნახევარი არის პარლამენტის წევრები, მეორე ნახევარი აჭარისა და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

არჩევნები შედგება პარლამენტის შენობაში, ჩაატარებს ცესკო. პროცედურები უკვე მოფიქრებული გვაქვს, სხდომათა დარბაზში მოეწყობა, როგორც საარჩევნო უბანი. კანონი ითვალისწინებს, რომ არჩევნების დღეს, 9-დან 2 საათამდე, 5 საათიანი არჩევნები ტარდება, მოდიან კოლეგიის წევრები. არის ღია კენჭისყრა, ბიულეტენით, ასე რომ, აქ პრობლემა არ იქნება ფარულობის. მონიშნავენ, იქნება ურნა, როგორც ჩვეულებრივ არჩევნებზე. შემდეგ დაითვლის ამას ყველაფერს ცესკო, ყველაფერი პირდაპირი ეთერით გადაიცემა და ყველა ვნახავთ. თუკი კანდიდატურა 2/3-ს ვერ მოიპოვებს, ანუ 200 ხმას, ამის შემდეგ ტარდება მე-2 ტური და ნახევარზე მეტი ხმით ხდება არჩევა" - თქვა პაპუაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ინაუგურაციაზეც. მისი თქმით, ინაუგურაციის ჩატარების ადგილი აღარ იქნება დამოკიდებული "ახლადარჩეული პრეზიდენტის გემოვნებაზე" და პარლამენტის სასახლეში ჩატარდება. 

"რაც შეეხება ინაუგურაციას, კანონში შევიტანეთ ცვლილებები. გახსოვთ, ინაუგურაცია სხვადასხვა ადგილას ტარდებოდა ხოლმე და როგორც წესი, ახლადარჩეული პრეზიდენტის გემოვნებაზე იყო დამოკიდებული, აქაც, მივყევით იმ ტრადიციას, რაც არის ხოლმე საპარლამენტო რესპუბლიკებში და ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში. იცით, რომ არჩევნებიდან მე-3 კვირა დღეს ტარდება ინაუგურაცია" - ამბობს პაპუაშვილი. 

კომენტარები