რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჰერბსტი: თუ რუსეთი მართებულ მშვიდობაზე არ წავა, ტრამპმა შესაძლოა, უკრაინას Tomahawk-ები მისცეს

ჯონ ჰერბსტი
Kyiv Post

უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩის, ჯონ ჰერბსტის თქმით, თუ რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე "წესების მიხედვით არ ითამაშებს", აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, უკრაინას Tomahawk-ის ტიპის რაკეტებიც გადასცეს.

ამის შესახებ ჰერბსტმა The Times-ის რადიოსთან ისაუბრა. ჰერბსტი უკრაინაში აშშ-ს ელჩის პოზიციას 2003-2006 წლებში, ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში იკავებდა. 

"ტრამპს აქამდე უთქვამს, რომ თუ მოლაპარაკებებისას რუსეთი წესების მიხედვით არ ითამაშებს, ჩვენ უკრაინას იმაზე უფრო მეტ შეიარაღებას გადავცემთ, ვიდრე ოდესმე. თუ ეს მოხდება, შესაძლოა, რომ [ტრამპის ადმინისტრაციამ] [უკრაინისთვის] Tomahawk-ების [გადაცემაც] განიხილოს. მგონი დროა, ხალხმა სიტუაცია გაიაზროს, რომ უკრაინის სათანადო შეიარაღებაზე დაიწყოს საუბარი.

[ტრამპს] რამდენჯერმე უთქვამს, რომ სურს, შეთანხმების მისაღწევად უკრაინა უფრო მოქნილი იყოს და ამ კონტექსტში ტერიტორიების დათმობაც უხსენებია. ის მზადაა, უარი თქვას უკრაინისთვის დახმარების გადაცემაზე, რათა ის უფრო მორჩილი გახადოს. 

მას ასევე უთქვამს, რომ პუტინმა ისეთ შეთანხმებაზე უნდა იმუშაოს, რომელიც სამართლიან და სტაბილურ მშვიდობამდე მიგვიყვანს და არა რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობამდე. და თუ რუსეთს არ სურს ამის გაკეთება, [ტრამპს] მოუწევს, რომ იმაზე მეტი შეიარაღებით უზრუნველყოს უკრაინა, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა.

თუ თქვენ ახლა [აშშ-ს] მომავალ ადმინისტრაციაზე მოსკოვის რეაქციას დააკვირდებით, ისინი თითქმის სრულად ნეგატიურად არიან განწყობილნი სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით". - თქვა ჰერბსტმა Times რადიოსთან საუბრისას. 

მოსკოვის ნეგატიური განწყობა ტრამპის მიერ გახმოვანებულ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით ხშირად დასტურდება კრემლის ოფიციალური განცხადებებით თუ დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით. 

მაგალითად, ცოტა ხნის წინ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან კონფლიქტის გაყინვის ვარიანტი რუსეთისთვის მიუღებელია და მათთვის მნიშვნელოვანი მათი "ყველასთვის ცნობილი გეგმების მიღწევაა". 

კრემლმა ასევე დაიწუნა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინადადება ომის გაყინვის შესახებ. პესკოვის თქმით, წინადადება კრემლისთვის "აპრიორი მიუღებელია". 

Reuters-ის მიერ 20 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით კი, პუტინი მზადაა, აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განიხილოს, მაგრამ იგი უკრაინისგან NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას ითხოვს და ასევე გამორიცხავს ტერიტორიების დათმობას.

ცნობისთვის, ამერიკული წარმოების Tomahawk ტიპის ფრთოსანი რაკეტები იმ რაკეტებზე გაცილებით ძლიერია, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ფლობს. Tomahawk-ის მოქმედების რადიუსი (ახალი მოდელებისთვის) დაახლოებით 2400 კილომეტრს შეადგენს, აქვს დარტყმის სიზუსტის მაღალი მაჩვენებელი და სიჩქარე (დაახლოებით 880 კმ/სთ). ხოლო დაბალ სიმაღლეზე ფრენა Tomahawk-ების რადარით ამოცნობას ართულებს.

კომენტარები