რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: ერდოღანის წინადადება ომის გაყინვის შესახებ კრემლისთვის "აპრიორი მიუღებელია"

დიმიტრი პესკოვი
Natalia Kolesnikova / AFP / Getty Images

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი "აპრიორი მიუღებლად" მიიჩნევს რუსეთ-უკრაინის ომის გაყინვის შესაძლო ვარიანტს, რომლის შეთავაზებაც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს სურს. ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბრაზილიაში დაგეგმილ დიდი ოცეულის (G20) სამიტზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თავისი "სამშვიდობო გეგმის" წარდგენას აპირებს. ეს გეგმა გულისხმობს მხარეთა ამჟამინდელ პოზიციებზე საომარი მოქმედებების გაყინვას.

"საბრძოლო ხაზის გაყინვის რაღაც ვარიანტი, რა თქმა უნდა, რუსული მხარისთვის აპრიორი მიუღებელია. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი პუტინის მიერ ჩამოყალიბებული ივნისის პირობები სრულად ინარჩუნებენ თავის აქტუალობას. ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად".- თქვა პესკოვმა.

მან ასევე დაამატა, რომ ერდოღანის ამ გეგმებთან დაკავშირებით თურქეთისა და რუსეთის ლიდერებს ერთმანეთში არ უსაუბრიათ. მისი თქმით, ამ გეგმის შესახებ კრემლმა მედიებიდან შეიტყო.

მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე თანახმა იქნება, თუ ის დონბასის რეგიონიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და პირობას დადებს, რომ NATO-ში არ გაწევრიანდება. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტისთვის ვლადიმირ პუტინის მიერ პირობებს გამოეხმაურა და ისინი ულტიმატუმად მოიხსენია. მისი თქმით, პუტინის ქმედებები ნაციზმის რეინკარნაციაა.

ზელენსკიმ პუტინის მიერ უკრაინის რეგიონების მოთხოვნა ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკეთის ნაწილის მოთხოვნას შეადარა და გაიხსენა, რომ ამას ჰიტლერის მიერ პოლონეთისა და ევროპის ოკუპაცია მოჰყვა.

კომენტარები