რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: პუტინი ტრამპთან მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განიხილოს, მაგრამ იგი უკრაინისგან NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას ითხოვს და ასევე გამორიცხავს ტერიტორიების დათმობას.

გამოცემა Reuters-თან რუსეთის ხუთმა ამჟამინდელმა და ყოფილმა მაღალჩინოსანმა იმაზე ისაუბრეს, თუ რა პირობებზე შეიძლება დათანხმდეს პუტინი, თუკი ტრამპი კონფლიქტში შეთანხმების შუამავლობას შეეცდება. მათ განაცხადეს, რომ კრემლი შესაძლოა, ზოგადად კონფლიქტის გაყინვას ფრონტის ხაზების გასწვრივ დათანხმდეს.

სამი ანონიმური წყაროს მიხედვით, უკრაინის აღმოსავლეთი ოლქების - დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი - გაყოფაზე მოლაპარაკებებისთვის ადგილი შესაძლოა, იყოს.

მოსკოვის მტკიცებით, ოთხივე ოლქი მთლიანად რუსეთს ეკუთვნის, თუმცა მისი ძალები ბრძოლის ველზე ამ ტერიტორიების მხოლოდ 70-80%-ს აკონტროლებენ, ხოლო დაახლოებით 26 000 კვადრატული კილომეტრი უკრაინელ სამხედროებს უკავიათ.

ამას გარდა, ორი რუსი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთი შესაძლოა, ხარკოვსა და მიკოლაივში მცირე ზომის მონაკვეთებიდან გასვლაზე დათანხმდეს.

Reuters-თან ხუთმა რუსმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ მაშინ, როცა რუსეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, ან უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს ჯარისკაცების განლაგებას, არ მიიღებს, იგი ღიაა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განხილვის მიმართ.

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა უკრაინისგან სხვა დათმობებზე წასვლის მოთხოვნის მხრივ, შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღუდვა და ქვეყანაში რუსული ენის გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნა მოითხოვოს.

პუტინმა ამ თვეში განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმება ბრძოლის ველზე "რეალობებს" უნდა ასახავდეს, თუმცა მან გამოთქვა შიში, რომ მოკლევადიანი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინას მხოლოდ ხელახლა შეიარაღების საშუალებას მისცემს.

"თუკი ნეიტრალიტეტი არ არსებობს, რთული წარმოსადგენია რუსეთსა და უკრაინას შორის კარგ-მეზობლური ურთიერთობების არსებობა". - განაცხადა პუტინმა 7 ნოემბერს.

თუმცა, ორმა წყარომ გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გაართულოს, ან სულაც გადადოს, შეთანხმების მიღწევის პროცესი.


19 ნოემბერს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტი დაბომბა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთში შორი რადიუსის იარაღით იერიშების მიტანის ნება დართო.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა გაშვებული 8 რაკეტიდან მხოლოდ 2-ის ჩამოგდება შეძლო, ხოლო დარტყმა საბრძოლო მასალების მომმარაგებელ საკვანძო პუნქტზე იყო მიტანილი.

თავდაპირველად, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".

ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.

რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა

კომენტარები