არჩევნები 2024

სირაძე: მოძრაობა უნდა აღდგეს, თუ არ დაემორჩილნენ მოთხოვნას, შესაბამის ზომებს მივიღებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, გაათავისუფლონ საავტომობილო გზა. მას შემდეგ, რაც თსუ-სთან საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან.

"უნდა აღდგეს მოძრაობა. შესაბამისად, პოლიცია მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე, მოლაპარაკების გზით გადავიდნენ გზიდან. თუ მოხდა ისე, რომ არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გაითვალისწინეს, შესაბამის ზომებს მივიღებთ" - ამბობს სირაძე რუსთავი 2-თან.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამ ეტაპისთვის, გზის სავალი ნაწილი ბარიკადებისა და კონსტრუქციებისგან გაწმინდეს.

"ამ შემთხვევაში, მიდის მოლაპარაკებები მათთან და მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილონ ჩვენს მოთხოვნას, დაიცვან კანონი და გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი“ - უთხრა სირაძემ რუსთავი 2-ს.

ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ადასტურებს, რომ აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს - სამართალდამცველების დაუმორჩილებლობისთვის. მისივე მტკიცებით, პოლიციამ "პროპორციული ძალა" გამოიყენა.

კომენტარები