პროტესტის მონაწილე ოპოზიცია სამოქმედო გეგმას საზოგადოებას თსუ-ს 1-ელ კორპუსთან დღეს, 18 ნოემბერს, 19:00 საათზე გააცნობს. ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერებმა, გიორგი ვაშაძემ და ელენე ხოშტარიამ განაცხადეს.
"დღის განმავლობაში შემოგვიერთდით, ჩვენ აქ ვართ. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 19:00 საათზე თსუ-ს 1-ელ კორპუსთან რაც შეიძლება ბევრი ვიყოთ - ამ დროს, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ, თუ რას ვაპირებთ და როგორ". - თქვა ვაშაძემ.
მიმართვა გააკეთა ელენე ხოშტარიამაც.
"ჩვენ, ვისაც პასუხისმგებლობა და თქვენგან მონიჭებული მანდატი გვაქვს, აქ უწყვეტად ვიდგებით. ყველაფერი ორგანიზებული იქნება და აქედან ფეხს არ მოვიცვლით. უბრალოდ, საღამოს 7 საათზე დიდი შეკრება გავაკეთოთ, რომ შემდგომი გეგმები გაგაცნოთ". - თქვა ხოშტარიამ.
ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 24-საათიანი, უწყვეტი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს და მომდევნო სამოქმედო გეგმის გამოცხადებამდე, ისინი ადგილზე რჩებიან. პროტესტს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.





