17 ნოემბერს სოხუმში დე ფაქტო ოპოზიციის მხარდამჭერებმა ე.წ. პარლამენტის შენობის გალავანი მოხსნეს.
ბჟანიას რეჟიმის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კან კვარჩიამ განაცხადა, რომ გალავნის დე ფაქტო საზღვარზე გადატანა იგეგმება.
მომიტინგეთა კიდევ ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ თქვა, რომ აფხაზეთში სახლებს არასდროს აქვთ და არ ექნებათ მაღალი გალავანი.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის ასევე გაჩნდა იდეა, რომ გალავნის ნაწილი გაუგზავნონ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას.
ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. თავად მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა სოხუმი დატოვა და პოსტის დატოვებაზე უარს აცხადებს.
საპროტესტო აქციების საბაბი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო კანონი გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტი რუს ინვესტორებს პრივილეგიებს აძლევს, მათ შორის, განსაზღვრული დროით ათავისუფლებს დღგ-სგან, აძლევს ე.წ. საბაჟო გადასახადის გარეშე მუშაობის საშუალებას და ითვალისწინებს, ოკუპირებულ რეგიონში რუსული ბანკის გახსნას, რომლითაც საინვესტიციო თანხები იმოძრავებს.