მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ უკრაინაზე 17 ნოემბრის რუსეთის მასობრივ თავდასხმას გამოეხმაურა. მან დაგმო რუსეთის ქმედებები და მიზანმიმართული თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. სანდუს თქმით, ზამთრის გამოყენება უკრაინელი ერის დასამორჩილებლად მიუღებელი და სასტიკი ქმედებაა.
"მე კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მასიურ საჰაერო თავდასხმებს უკრაინის მასშტაბით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ზამთრის, როგორც იარაღის გამოყენება ერის დასამორჩილებლად სასტიკი და მიუღებელია.
მოლდოვა დგას უკრაინის გვერდით". - წერს სანდუ X-ზე.
17 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინის მასშტაბით რამდენიმე რეგიონზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები ნიკოლაევში, ლვოვში და დნეპროპეტროვსკში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 120 რაკეტა და 90 დრონი გამოუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 140 საჰაერო სამიზნე გაანადგურა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის სამიზნე იყო უკრაინაის ენერგეტიკული ინფრასტუქტურა.
"უკრაინის ყველა რეგიონზე მასიური კომბინირებული დარტყმა. ამ ღამისა და დილის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი იარაღები, მათ შორის, შაჰედები, საკრუიზო, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები. მტრის სამიზნე იყო ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, პირდაპირი დარტყმებისა და ნამსხვრევების შედეგად რამდენიმე ობიექტი დაზარალდა". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ლვოვის ოლქში, ჩერვონოგრადის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა ორი მამაკაცი. თავდასხმის შედეგად დაზიანდა გათბობის მთავარი მილი, რის გამოც 6 ათასი მომხმარებელი დროებით გათბობის გარეშე დარჩა, 12 ავტოფარეხს ხანძარი გაუჩნდა.
ნიკოლაევში რუსეთის თავდასხმას ორი ქალი ემსხვერპლა, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვები.
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის თავდასხმისა და საწყობის დაბომბვის შედეგად რკინიგზის 2 თანამშრომელი დაიღუპა. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.





