რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახური

17 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინის მასშტაბით რამდენიმე რეგიონზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები ნიკოლაევში, ლვოვში და დნეპროპეტროვსკში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 120 რაკეტა და 90 დრონი გამოუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 140 საჰაერო სამიზნე გაანადგურა.

"უკრაინის ყველა რეგიონზე მასიური კომბინირებული დარტყმა. ამ ღამისა და დილის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი იარაღები, მათ შორის, შაჰედები, საკრუიზო, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები. მტრის სამიზნე იყო ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, პირდაპირი დარტყმებისა და ნამსხვრევების შედეგად რამდენიმე ობიექტი დაზარალდა". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნიკოლაევში რუსეთის თავდასხმას ორი ქალი ემსხვერპლა, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვები.

"ნიკოლაევში დრონის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა და ექვსი დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ამ დროისთვის არის ტერიტორიები ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ტერიტორიები, მობილიზებულია ყველა საჭირო ძალა შედეგების აღმოსაფხვრელად". - წერს ზელენსკი.

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის თავდასხმისა და საწყობის დაბომბვის შედეგად რკინიგზის 2 თანამშრომელი დაიღუპა. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ლვოვის ოლქში, ჩერვონოგრადის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა ორი მამაკაცი. ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა გათბობის მთავარი მილი, რის გამოც 6 ათასი მომხმარებელი დროებით გათბობის გარეშე დარჩა, 12 ავტოფარეხს ხანძარი გაუჩნდა.

კომენტარები