არჩევნები 2024

კირთაძე: კალანდარიშვილის მიმართ ჩემი გულწრფელი პროტესტი გამოვხატე

ცესკოში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, დავით კირთაძის თქმით, მან კალანდარიშვილის მიმართ გულწრფერი პროტესტი გამოხატა.  

"ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გამოვხატე კალანდარიშვილის მიმართ. ეს იყო სოლიდარობა იმ ქართველი ხალხისა და სტუდენტების მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს და კალანდარიშვილის მოპარული ხმა ჩვენი ამომრჩევლის რეალობას არ ასახავს. 

თქვენ ნახეთ თვალახვეული კალანდარიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ზუსტად ასე იყო თვალახვეული და ვერ ხედავდა არჩევნების დღეს იმ დარღვევებს, იმ ცემა-ტყეპას, იმ დაშინებას, იმ მოსყიდვას, რაც არჩევნების პროცესში მიმდინარეობდა. 

ამიტომ, მე ყველა ქართველ ადამიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დღეს ზუსტად ბრძოლის დროა, რადგან ჩვენი საქართველო გარუსებისგან გადავარჩინოთ" - თქვა კირთაძემ. 

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი სითხის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აქამდე, ცესკოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

შსს-ს თქმით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი, თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.

ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას, ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები