ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტს მოუწოდა, რომ საქართველოს არადემოკრატიული არჩევნების საკითხი დღის წესრიგში დადგეს და საკითხზე რეზოლუცია იქნეს მიღებული.
ლუაზოს თქმით, იგი 6 კოლეგასთან ერთად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით იმყოფებოდა, სადაც მათ გაყალბება და დაშინება იხილეს.
"6 კოლეგასთან ერთად საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ვიყავი, ჩვენ ვიხილეთ გაყალბება და დაშინება. ამიტომაც ვისურვებდი, ამ თემაზე [ევროპულ] პარლამენტში დებატები გაგვემართა. საქართველოში ახლა საპროტესტო აქციები იმართება, სადაც ხალხი ქუჩებში ევროპისა და საქართველოს დროშებით გამოდიან და ევროკავშირისგან ბევრს ელიან.
სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ვერ გამონახა დრო ამ საკითხის განსახილველად. ჩვენ ევროპული დემოკრატიის სახლში ვართ და გვჭირდება არამხოლოდ დრო გამოვნახოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დებატებისთვის, არამედ საკითხზე ფორმალურად მივიღოთ რეზოლუცია. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ შემდეგი სესიისთვის საბოლოოდ ჩავსვათ ეს საკითხი დღის წესრიგში". - თქვა ლუაზომ ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ლუაზოს წინადადებას რეზოლუციის მიღების შესახებ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაუარესებასთან დაკავშირებით დებატები პარლამენტის შემდეგ სესიაზე გაიმართება და შესაბამისი რეზოლუციაც მიიღება.