ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები: ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გაათავისუფლეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები 11 ნოემბერს დააკავეს, მარიონეტული რეჟიმი აცხადებდა, რომ "მათ ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ". საუბარია, ალმას აქაბაზე.
ოპოზიციონერების დაკავებას სოხუმში საპროტესტო აქციები მოჰყვა, მომიტინგეებმა ჩაკეტეს სოხუმისკენ მიმავალი სამივე ხიდი – კოდორის, გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები. დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ კი მომიტინგეებმა გუმისთის ხიდი გახსნეს, რომელზეც ოკუპირებული რეგიონის ცენტრალური გზატკეცილი გადის.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სოხუმის დე ფაქტო საქალაქო სასამართლოს, დაკავებულების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გადაეცა, თუმცა, ე.წ. სასამართლომ პროცესი დარღვევების არ არსებობის გამო შეწყვიტა.
D News Абхазия-ს ცნობით, გაათავისუფლეს 9 ნოემბერს დაკავებული ე.წ. ექსდეპუტატი, თენგიზ აგრბაც, რომლის გათავისუფლებასაც მომიტინგეები ასევე მოითხოვდნენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის, სახალხო ერთობის ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის, ასლან ბარციცის თქმით, დაკავების დროს მისი კოლეგები გუდაუთიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მოქალაქეებს შეხვდნენ და რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაზე ისაუბრეს.
აფხაზური ოპოზიცია რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას ეწინააღმდეგება და განხილვის პარალელურად, 15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.
"რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან" დაკავშირებული კანონის მიზანი მარიონეტული რეჟიმის განმარტებით, "საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა, ეკონომიკის შემდგომი განვითარება და მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაა".
ოპოზიციის წარმომადგენლები კი ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტი რუს ინვესტორებს პრივილეგიებს აძლევს, მათ შორის, განსაზღვრული დროით ათავისუფლებს დღგ-სგან, აძლებს ე.წ. საბაჟო გადასახადის გარეშე მუშაობის საშუალებას და ითვალისწინებს, ოკუპირებულ რეგიონში რუსული ბანკის გახსნას, რომლითაც საინვესტიციო თანხები იმოძრავებს.
ამასთან, კანონპროექტის მიღების წინ დე ფაქტო პარლამენტმა "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ" მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ორი მოსმენით უკვე მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, მარიონეტული რეჟიმი ცდილობს "მრავალფუნქციური ცენტრების მშენებლობის" შესახებ ჩანაწერით, დააკანონოს ივლისში გაწვეული "აპარტამენტების კანონი", რომელიც, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის უფლებას მოიცავდა.





