რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა პოლიტიკას ემხრობა უსაფრთხოებაში ტრამპის მომავალი მრჩეველი უკრაინასთან მიმართებით

რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ უოლცი
Leon Neal/Getty Images

რესპუბლიკელი კონგრესმენი, მაიკ უოლცი, რომელსაც ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნავს, 2 ნოემბერს პენტაგონის ყოფილ სტრატეგთან, მეთიუ კრონიგთან, ერთად გამოქვეყნებულ სტატიაში მსოფლიოში არსებული დაძაბულობის ფონზე აშშ-ს საგარეო პოლიტიკას განიხილავს.

სტატიაში უოლცი და კრონიგი, ერთი მხრივ, ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საგარეო პოლიტიკაში ჩავარდნებისთვის აკრიტიკებენ, ხოლო მეორე მხრივ, ხაზს უსვამენ აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული ყურადღების ჩინეთზე მიმართვის მნიშვნელობას, რის წინაპირობადაც ისინი უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების მყისიერ გადაჭრას მიიჩნევენ.

პირველ რიგში, სტატიის ავტორები 2022 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის "ვერ შეკავების" გამო აკრიტიკებენ.

ამასთანავე, უოლცი და კრონიგი მიიჩნევენ, რომ უფრო ძლიერ ძალასთან ე.წ. "გამოფიტვის ომში" უკრაინის უვადო მხარდაჭერა "დამარცხების რეცეპტს" წარმოადგენს. მათი თქმით, მომავალმა ადმინისტრაციამ ომი უნდა დაამთავროს, რისთვისაც ამერიკას ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება შეუძლია, მათ შორის, თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნითა და რუსეთის მხრიდან ნავთობის არაკანონიერი გაყიდვის აღკვეთით. ამ სტრატეგიით, ავტორებს სჯერათ, რომ ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა შეიძლება.

თუმცა, თუკი პუტინი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ უოლცსა და კრონიგს მიაჩნიათ, რომ "როგორც ტრამპმა უკვე დაასაბუთა, ვაშინგტონს შეუძლია, უკრაინას უფრო მეტი შეიარაღება მიაწოდოს მათ გამოყენებაზე ნაკლები შეზღუდვებით". ავტორების აზრით, ასეთი წნეხის წინაშე პუტინი, სავარაუდოდ, შესაძლებლობას გამოიყენებს და კონფლიქტს დაამთავრებს".

უოლცისა და კრონიგის თქმით, სამი წლის განმავლობაში ძვირადღირებული ომის წარმოების შემდეგ ისეთი შედეგის მიღება, რომელშიც უკრაინა დამოუკიდებელი რჩება და უფრო მტკიცედ დგას დასავლეთის ქვეყნების გვერდით, პუტინისთვის სტრატეგიული მარცხი იქნება და ჩინეთიც ამას ასეც აღიქვამს.

ამასთანავე, სტატიის ავტორები ფიქრობენ, რომ მათ მიერ დასახული გეგმა ბევრად აღემატება ახლანდელი ადმინისტრაციის მიდგომას, რომელსაც მკაფიოდ გაწერილი მიზანი არ აქვს და რომლითაც ომი ჩიხში შევა, ხოლო უკრაინული ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩება.

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაადასტურა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს.

უოლცი კონგრესში პირველად 2018 წელს აირჩიეს, სადაც მან ფლორიდის ამჟამინდელი გუბერნატორი, რონ დესანტისი, ჩაანაცვლა. იგი ასევე მსახურობდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და სადაზვერვო კომიტეტებში.

2022 წელს უოლცმა უკრაინისთვის "ლენდ-ლიზის" ამოქმედებას დაუჭირა მხარი. მას ნათქვამი აქვს, რომ "უკრაინაში რუსეთის შეჩერება" აშშ-ს მხრიდან სწორი იქნება. ომის დაწყების შემდეგ კი უოლცი ბაიდენის ადმინისტრაციას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის "ვერ შეკავებისთვის" და ასევე სუსტი საგარეო პოლიტიკისთვის აკრიტიკებდა.

ასევე ხაზგასასმელია, რომ 22 აპრილს უოლცმა აშშ-ს კონგრესში ფილმი "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ჩვენებას უმასპინძლა.

კომენტარები