საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება "იმისთვისაც კი", რომ კვლავ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად მოიაზრებოდეს.
ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დროს აფრთხილებდნენ, რომ მათ ევროპული გზიდან გადაუხვიეს. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსებებს ვერ ხედავს.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლებას EU-ს წევრობა კვლავ სურს, რუსული კანონი უნდა გაიწვიოს, არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები უნდა მოაგვაროს და ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.
ამის შესახებ ბორელმა უკრაინულ გამოცემა Европейская правда-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინას შორის ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ. საერთოდ.
უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად ჩართულია ევროკავშირში გაწევრიანებაში, ისევე, როგორც უკრაინული საზოგადოება.
ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობა სურს და უკრაინის წევრობა ევროკავშირში არის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი ვალდებულება ანდა გარანტია, რომლის შეთავაზებაც უკრაინისთვის შეგვიძლია.
საქართველოს შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ არის.
ჩვენ საქართველოს მმართველებს, საქართველოს ხელისუფლებას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპულ გზას შორდებიან. თუკი ევროკავშირის წევრობა სურთ, მაშინ მიღებული კანონი უნდა გაიწვიონ, არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები უნდა მოაგვარონ და (რედ. – EU-სკენ) გზას უნდა დაუბრუნდნენ.
მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ იმისთვისაც კი, რომ ისევ EU-ს კანდიდატად მოიაზრებოდნენ.
უკრაინის შემთხვევაში კი საქმე საერთოდ სხვანაირად არის!