გერმანია

POLITICO: გერმანიაში 23 თებერვალს რიგგარეშე ფედერალური არჩევნები გაიმართება

ოლაფ შოლცი
Photo:  Energy Intelligence Group

გერმანია 2025 წლის 23 თებერვალს ფედერალურ რიგგარეშე არჩევნებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO გერმანიის აწ უკვე დაშლილი მმართველი კოალიციის წევრ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს

კანცლერი ოლაფ შოლცი დეკემბერში ბუნდესტაგში მისი მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრას გამართავს. 

შოლცის სამპარტიული კოალიციური მთავრობა გასულ კვირას დაიშალა. 

7 ნოემბერს გავრცელდა ცნობები, რომ გერმანიის მმართველი შუქნიშნის კოალიცია, რომელიც სამი პარტიისგან: გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), თავისუფალი დემოკრატებისა (FDP) და მწვანეებისგან შედგებოდა, დაიშალა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრსა და კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის ლიდერს, ქრისტიან ლინდნერს ეკონომიკურ რეფორმებზე მუდმივი უთანხმოებების გამო თანამდებობიდან ათავისუფლებდა. 

რა მოხდება გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ?

ამასთან, ცოტა ხნის წინ შოლცმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ბუნდესტაგში მისი მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრა შობამდე დააყენოს.

"ჩემთვის არ არის პრობლემა, რომ ნდობის შესახებ კენჭისყრა შობამდე დავაყენო, თუ ყველა შეთანხმდება. […] ჩემს სამსახურს არ ვებღაუჭები“. - თქვა შოლცმა ARD-სთან საუბრისას.

როგორც შოლცმა ARD-სთან ინტერვიუში თქვა, ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრა წლის ბოლომდე იმ შემთხვევაში იქნება, თუ შოლცის სოციალდემოკრატიული პარტიის (SPD) თავმჯდომარე, როლფ მიუტცენიხი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი, ფრიდრიხ მერცი თარიღზე შეთანხმდებიან.

კომენტარები