ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომიდან ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ლაშა ფარულავა გააძევეს.
ფარულავამ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს მდივანს, გიორგი ჯავახიშვილს არჩევნების მთავარი გამყალბებლები და "რუსულ სპეცოპერაციაზე, რომლითაც ქვეყანაში გაუქმდა დემოკრატია" პასუხისმგებელი პირები უწოდა.
"ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა საქართველოში და ამ რუსული სპეცოპერაციით პირდაპირ დემოკრატია გაუქმდა ქვეყანაში, გაუქმდა პოლიტიკური გაერთიანებები და ამაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ბატონო გიორგი [კალანდარიშვილი], და თქვენ, ბატონო გიორგი ჯავახიშვილო, თქვენ გეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა, ვინაიდან თქვენ ხართ მთავარი გამყალბებლები და ამ ქვეყანაში თქვენ გააუქმეთ არჩევნები, გააყალბეთ ეს არჩევნები, მიიტაცეთ ეს არჩევნები". - თქვა ფარულავამ.
გაფრთხილების შემდეგ, ფარულავას ჯერ მიკროფონი გამოურთეს, შემდეგ კი კალანდარიშვილმა პოლიტიკოსი დარბაზიდან გააძევა.
ცესკოში უკვე რამდენიმე საათია სხდომა მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავენ.
არჩევნები 2024
ცესკოს სხდომიდან კალანდარიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელი, ლაშა ფარულავა გააძევა





