7 ნოემბერს კიევზე რუსული საჰაერო იერიშისას ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რომელშიც უკრაინაში ესტონეთის ელჩი, ანელი კოლკი ცხოვრობს.
ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა წერს.
"შენობას, სადაც ესტონეთის ელჩი ანელი კოლკი ცხოვრობს კიევში, რუსული დრონი მოხვდა. მას გაუმართლა, რომ არ დაშავებულა. უკრაინაში უსაფრთხოდ არავინ არ არის, სანამ რუსეთი თავის აგრესიას არ შეწყვეტს. უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, რათა თავისი მცხოვრებები დაიცვას. ამას არ უნდა შევეგუოთ". - წერს ცაჰკნა.
თავად კოლკიც ადასტურებს, რომ 7 ნოემბრის დილას დრონი საცხოვრებელ კომპლექსს მოხვდა, სადაც ის ცხოვრობს. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 7 ნოემბრის ღამით უკრაინის მიმართულებით 106 დრონი გაუშვა, რომელთაგან უკრაინელმა სამხედროებმა 74 ჩამოაგდეს. კიევის ადგილობრივი თვითმმართველობის თქმით, ქალაქში ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები ოთხ რაიონში ჩამოვარდა და ხანძარი გამოიწვია.





