მოზამბიკი

მოზამბიკში აქციებზე პოლიციასთან შეტაკებისას, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, 66 დაშავდა

REUTERS/Siphiwe Sibeko/File Photo

მოზამბიკის უდიდესი საავადმყოფოს მონაცემებით, 7 ნოემბერს, მოზამბიკში 9 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა

ერთი ვერსიით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების შედეგად დღემდე ჯამში, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. ზოგი ორგანიზაცია დაღუპულთა უფრო მაღალ რიცხვს ასახელებს, მაგალითად, მოზამბიკის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ცენტრის თანახმად, აქციებზე ჯამში 34 ადამიანი დაიღუპა. 

მოზამბიკის დედაქალაქ მაპუტოს ცენტრალური საავადმყოფოს ზრდასრულთა სასწრაფო მომსახურების დირექტორმა, დინო ლოპესმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დაზარალებულთა უმეტესობა 25-35 წლის არის, თუმცა დაშავებულებს შორის 15 წლისებიც არიან.

"66 დაშავებულიდან, 57 სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, ხოლო 4 დაცემისგან, 3 ფიზიკური აგრესიის შედეგად, 2 კი ბასრი იარაღით დაზიანდა". - თქვა მაპუტოს ცენტრალური საავადმყოფოში ზრდასრულთა სასწრაფო მომსახურების დირექტორმა, დინო ლოპესმა. 

მოზამბიკის მმართველი პარტია, ფრელიმო ქვეყანას 1975 წლიდან მართავს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ფრელიმოს წინააღმდეგ დღემდე ყველაზე მასშტაბურ პროტესტს მართავენ, ქუჩებს კეტავენ, საბურავებს წვავენ და ქვებს ისვრიან. 

არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებიც და საერთაშორისო დამკვირვებლები, რომელთა თქმით, არჩევნებმა დემოკრატიული სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა. 

ამასთან, ქვეყნის კონსტიტუციურმა საბჭომ საარჩევნო კომისიისგან ხმების თვლაში აცდენების შესახებ განმარტება მოითხოვა. 

Reuters-ის ცნობით, გამოცემის ჟურნალისტებმა ნახეს, რომ პოლიციელები აქციის მონაწილეების მიმართულებით ცეცხლსასროლ იარაღს განურჩევლად ისროდნენ. 

ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებს მოზამბიკის პოლიცია აქციების წინააღმდეგ საბრძოლო ვაზნების გამოყენებისთვის აქამდეც გაუკრიტიკებიათ. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინიტრმა პოლიციის ქმედებები დაიცვა და თქვა, რომ ეს წესრიგის აღდგენისთვის არის საჭირო. 
 

კომენტარები