ისრაელელბზე თავდასხმა ამსტერდამში

ჰერცოგი: ეს თავდასხმა გაფრთხილებაა თავისუფლების ღირებულებების დამცველი ქვეყნებისთვის

ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის თქმით, ამსტერდამში მომხდარი თავდასხმა გამაფრთხილებელი ნიშანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ თავისუფლების ღირებულებებს. ამის შესახებ ჰერცოგი X-ზე წერს.

"დღეს დილით გავიღვიძეთ და ვნახეთ შემაძრწუნებელი სურათები და ვიდეოები, რომელთა ნახვაც 7 ოქტომბრის შემდეგ, იმედი გვქონდა, რომ აღარ მოგვიწევდა. ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, დაიცვას თავისუფლების ღირებულებები". - წერს ჰერცოგი.

ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ის ენდობა ნიდერლანდების ხელისუფლებას, რომ "დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავდასხმის ქვეშ მყოფი ყველა ისრაელელის დასაცავად, მოსაძებნად და გადასარჩენად და ყველა საჭირო საშუალებით აღმოფხვრის ძალადობას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ".

ნიდერლანდების პრემიერის, დიკ სხოფის თქმით, ის შეძრწუნებულია ამსტერდამში მომხდარი "ანტისემიტური თავდასხმებით და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან".

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისრაელური საფეხბურთო გუნდის, მაკაბი თელ-ავივისა, და ნიდერლანდური გუნდის, აიაქსის მატჩის შემდეგ ასობით ისრაელელ გულშემატკივარს თავს დაესხნენ. ისრაელის ხელისუფლების თქმით, დაშავებულთა ევაკუაციისთვის ამსტერდამში ორ თვითმფრინავს გაგზავნიან.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად 10 ისრაელელი დაშავდა, 3 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

კომენტარები