ლიამ პეინი

ლიამ პეინის სიკვდილთან დაკავშირებით სამ პირს ბრალი წარუდგინეს

Dave Benett/Getty Images

One Direction-ის ყოფილი წევრის, ლიამ პეინის სიკვდილთან დაკავშირებით არგენტინაში ბრალი სამ პირს წარედგინა

არგენტინის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს, რომელიც თან ახლდა ინგლისელ მომღერალს, ბრალი ედება "ადამიანის მიტოვებაში, რასაც მოჰყვა ამ პიროვნების სიკვდილი". 

კიდევ ორ პირს, მათ შორის, სასტუმროს თანამშრომელს, ბრალი პეინისთვის ნარკოტიკების მიწოდებაში ედებათ ბრალი.

ლიამ პეინი 17 ოქტომბერს, 31 წლის ასაკში დაიღუპა. არგენტინის პოლიციის ცნობით, იგი ბუენოს აირესში სასტუმროს მესამე სართულიდან გადავარდა.

სამართალდამცავების თქმით, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, განყოფილებაში დარეკა რამდენიმე ადამიანმა, ისინი საუბრობდნენ "აგრესიულ კაცზე, რომელიც შესაძლოა ალკოჰოლისა ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო". 

პოლიციის განცხადების თანახმად სასტუმროს ნომერში დამტვრეული იყო ტექნიკა და ინვენტარი. ასევე აღმოჩენილია ნარკოტიკების მიღების კვალი.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ მანამდე, 2 ოქტომბერს, პეინი არგენტინაში ყოფილი ჯგუფის წევრის, ნაილ ჰორანის, კონცერტს ესწრებოდა.

წარსულში პეინი ცნობილი ბრიტანული ბოიბენდის One Direction-ის წევრი იყო, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. პეინის გარდა ჯგუფის წევრები ნაილ ჰორანი, ზეინ მალიკი, ჰარი სტაილსი და ლუის ტომლინსონი იყვნენ. ბოი ბენდი 2016 წელს დაიშალა, მას შემდეგ პეინი სოლო კარიერით დაკავდა.

 

კომენტარები