ხმის ფარულობის დარღვევა

ქურდოვანიძე: 2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს

დასრულდა ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის გამო საიას საქმეების განხილვა. 29 ოქტომბერს, საიამ ყველა ოლქის (73 ოლქი) წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის გამო და მოითხოვა ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგების ბათილად ცნობა. ასეთია 2263 უბანი. ჩვენმა საქმემ მოიარა საქართველოში არსებული ყველა საქალაქო/რაიონული სასამართლო. ასეთი სულ 24 სასამართლოა და ორივე სააპელაციო სასამართლო.

სააპელაციო სასამართლოებმა გამოიტანეს საბოლოო გადაწყვეტილებები. სასამართლოებმა თქვეს, რომ ის, რაც საკუთარი გამოცდილებით იცის დაახლოებით 2 000 000-მა მოქალაქემ, სინამდვილეში არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტების მეორე მხარეს რჩებოდა მარკერის კვალი (რაც არ უნდა დარჩენილიყო), ამომრჩეველი სათანადოდ მოხერხებული რომ ყოფილიყო, შეძლებდა ბიულეტენის მეორე მხარეს დატოვებული კვალი დაეფარა.

მიუხედავად ამგვარი გადაწყვეტილებისა, ამ საქმის სხვა შედეგები აქვს:

ყველამ დანამდვილებით იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების იმგვარი ადმინისტრირება, რომ ხმის ფარულობის უფლება დაცული ყოფილიყო. დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მომავალი არჩევნები ასეთი ბიულეტენითა და ხმის მიცემის პროცედურით ვეღარ ჩატარდება

ამ საქმემ სრულად გამოამჟღავნა სასამართლო სისტემის მანკიერებები. 2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს. სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული. ასეთ სასამართლოს ვერ ექნება საზოგადოების ნდობა

ამ საქმემ ასევე დაგვანახა, რომ სისტემა ვერ იქნება დარწმუნებული, რომ კონტროლის მასშტაბების მიუხეადავად, არ გამოჩნდებიან თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მსგავსი მოქალაქეები, რომლებიც გაბედული გადაწყვეტილებებით დაუპირისპირდებიან მას.

ვუსვამთ კითხვას საკუთარ თავს:

იყო თუ არა ამ სტრატეგიით დავა გამართლებული?

რა მიიღო ამომრჩეველმა ამით?

დაუბრუნა ამომრჩველს საარჩევნო უფლება?

რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება ამ საქმეს?

დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ვიცავდით ამომრჩევლის 90%-ის ინტერესებს, რომლის ხმის ფარულობის უფლება დაირღვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე დავა იყო ჩვენი ვალდებულება. ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება სხვა გაგრძელება.

აქვე მინდა საიას გუნდს საჯაროდაც ვუთხრა მადლობა. სხვადასხვა ფორმით ამ საქმეში ჩართული იყო საიას ყველა თანამშრომელი.

წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები