2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში

მოლდოვის თქმით, არჩევნებში "მასობრივი" რუსული ჩარევა მიმდინარეობს

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიერუ X-ზე წერს, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუსეთის მხრიდან ჩარევა "მასობრივად" მიმდინარეობს.

"ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მასობრივ ჩარევას ჩვენს საარჩევნო პროცესში". - წერს სეკრიერუ.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, დნესტრისპირეთის რეგიონში ამომრჩევლების ორგანიზებული ტრანსპორტირება მიმდინარეობს, რაც მოლდოვის "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით არალეგალურია.

"11:00 საათისთვის აქტივობა უკვე აღემატებოდა [საპრეზიდენტო არჩევნების] პირველ ტურში [ამომრჩევლების] სრულ რაოდენობას". - დაამატა მან.

სეკრიერუ ასევე რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩარტერული რეისით მოლდოვური პასპორტის მქონე ადამიანები იმყოფებიან, რაც სეკრიერუს თქმით, "დიდი მასშტაბის, ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირების აშკარა მტკიცებულებაა".

სანდუს მრჩეველი ასევე ამატებს, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, არჩევნების დღის დილის საათებში ამომრჩევლების ინფორმირებისთვის განკუთვნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტი DDoS ტიპის კიბერთავდასხმის გამო დროებით გათიშული იყო.  


მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42% აიღო. მეორე ადგილზე გავიდა პრორუსი პოპულისტი კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც მოსახლეობის 26%-მა დაუჭირა მხარი. 

პარალელურად, მოლდოვაში გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც მოსახლეობამ უპასუხა კითხვას: "უჭერთ თუ არა მხარს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა?" მოსახლეობის 50.46%-მა კითხვას დადებითად უპასუხა, 49.53% კი წინააღმდეგია.

საბოლოო მონაცემებით, რეფერენდუმის ბედი 13 596 ხმამ გადაწყვიტა.

რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის გაჩენას იმაზე ბევრად ნაკლებმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მოგვიანებით, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ ქვეყანაში "კრიმინალურმა დაჯგუფებამ" 300 000 ხმის მოსყიდვა სცადა. მისივე თქმით, კრიმინალური დაჯგუფებები "უცხოურ ძალებთან" ერთად მოქმედებდნენ.

ამას გარდა, საგარეო საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი რუსეთის უპრეცედენტო ჩარევით ჩატარდა. მან აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების პროცესი რუსეთის მხრიდან 20 ოქტომბრამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. 

რა უნდა ვიცოდეთ მოლდოვის არჩევნებზე, რეფერენდუმსა და მოსკოვის გრძელვადიან გათვლებზე

კომენტარები