2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში

REUTERS: რუსეთმა შესაძლოა მოლდოველ ემიგრანტებს ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს

გამოცემა Reuters მოლდოვის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუსეთი მაქსიმალურად ეცდება უცხოეთში მყოფ მოლდოვურ დიასპორაზე ზეწოლა მოახდინოს.

როგორც გამოცემა წერს, საუბარია არა მხოლოდ რუსეთში მცხოვრებ ემიგრანტებზე, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ დიასპორაზეც. ამის შესახებ კიშინიოვმა ევროკავშირის ქვეყნები გააფრთხილა.

"წყარომ, რომელიც მოლდოვის ხელისუფლებას წარმოადგენს, გვითხრა, რომ კიშინიოვმა ევროკავშირი რამდენიმე ქვეყანა რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ გააფრთხილა". – წერია სტატიაში.

გარდა ამისა, არჩევნების შესაძლო გაყალბებისა და ორგანიზებული მობილიზაციის ფაქტებზე შეშფოთება გამოხატა მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ:

"ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლის მაჩვენებელი კარგია, ვხედავთ, რომ კრიმინალური დაჯგუფებები არ ჩერდებიან. საუბარია წარმოუდგენლად დიდ რესურსებზე, რომლებიც ამომრჩევლის მოსასყიდად და დასაშინებლად არის ამოქმედებული". 

გროსუს თქმით, დნესტრისპირეთში მასიურად მიჰყავთ ამომრჩევლები, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე ბელარუსიდან და თურქეთიდან. 

"ვაფიქსირებთ ჩარტერულ რეისებს მინსკიდან და სტამბულიდან. ეს არ არის რეგულარული რეისები ან მოქალაქეობრივი ინიციატივა".

მოლდოვაში ამ წუთებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 20% გამოცხადდა. მეორე ვადისთვის იბრძვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ, მისი ოპონენტი ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლოა, რომელსაც პრორუსული სოციალისტური პარტია უჭერს მხარს.

კომენტარები