არჩევნები 2024

პრობლემები აშშ-სა და საქართველოს შორის საქართველოშივე იქმნება, უკრაინაში არა – ბრაიზა

მეთიუ ბრაიზა

აშშ-ს ყოფილი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა ამერიკის ხმასთან საუბრისას ქართული ოცნების რიტორიკას შეეხო, რომლის მიხედვით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები "გადაიტვირთება". მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პრობლემები არა უკრაინაში, არამედ საქართველოშივე იქმნება.

"საქართველოს მთავრობის ასეთი განცხადებები პროპაგანდაა "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს იმავე პროპაგანდის ნაწილია, როდესაც მათ დანგრეული უკრაინის ფოტოები და საქართველოს მშვიდობიანი ფოტოები ერთად გამოაქვეყნეს. ისინი შიშზე დაფუძნებულ ტაქტიკას მიჰყვებიან. ყველამ იცის, რომ აქამდე ისინი ამბობდნენ, თითქოს ამერიკა ცდილობდა ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაეთრია- ეს სრულიად სასაცილო ტყუილებია. ამერიკას არასდროს ენდომება, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, რაში უნდა დასჭირდეს ამერიკას საქართველო, რა სამხედრო შესაძლებლობების მოტანა შეუძლია მას ისეთის, რაც იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის, რაც უკრაინას შეუძლია, ევროპულ და ამერიკულ რაკეტებთან ერთად? ასე რომ [პასუხია] არა! თუ უკრაინაში რუსეთის ომი დასრულდება, ეს პრობლემა არ იარსებებს. მაგრამ პრობლემები ამერიკასა და საქართველოს, ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოშივე იქმნება". - თქვა ბრაიზამ. 

ბრაიზა ასევე დაამატა, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება სერიოზული გზავნილია და ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან უჩვეულო ნაბიჯს წარმოადგენს. მისივე თქმით, ეს "ძალიან დიდი სიმბოლური ესკალაციაა". 

“როგორც წესი, დაახლოებით, ამ დროისთვის უკვე გაჟღერდებოდა მისალოცი გზავნილი. თუმცა, ის, რაც ახლა მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ [საქართველოს] არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, დენ თვაინინგმა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან" ძალიან კარგად განმარტა, რომ როდესაც მთავრობა ცვლის და არღვევს საარჩევნო წესებს, მაშინ ის ართმევს საკუთარ მოსახლეობას შანსს, რომ ხმა მისცეს, ან საკუთარი პოლიტიკური აზრი გამოხატოს. ეს კი დემოკრატიულ პროცესში დემოკრატიას ვნებს. [...] ძალიან დიდი სიმბოლური ესკალაციაა, როდესაც განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტიდან პრეზიდენტის დონემდე ავიდა. ეს საკმაოდ უჩვეულოა”. - თქვა ბრაიზამ გამოცემასთან საუბრისას. 

ბრაიზამ გამოცემასთან საუბრისას ასევე თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ქართულ დემოკრატიაზე იმიტომ გააკეთა კომენტარი, რომ მისთვის ძვირფასი მოკავშირეა და ევროინტეგრაციაზე ზრუნავს, ხოლო არჩევნების ცუდად ჩატარება მას ევროკავშირს აშორებს. 

"რაც შეეხება განცხადებას იმაზე, რა უფლება ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტს, რომ ქართულ დემოკრატიაზე კომენტარი გაეკეთებინა - ეს ძალიან ღრმა პრობლემის ნაწილია. საქართველო, რომელიც ასე უყვარს და რომელზეც ზრუნავს ამერიკა ისეთი საქართველოა, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს ევროკავშირის წევრობისთვის.

ევროპელი პარტნიორები კი ჩვენი [ამერიკის] ყველაზე ახლო მოკავშირეები არიან იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად. ასე რომ ამერიკას სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებაში. როდესაც საქართველოში არჩევნები ცუდად ტარდება, საქართველო შორდება ევროკავშირს. ასე რომ სრულიად მისაღებია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოში დემოკრატიის პროგრესზე განცხადება გააკეთოს". - თქვა ბრაიზამ. 

მანამდე, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. ბაიდენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყოველი დარღვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების ფაქტები და გაიწვიოს კანონები, მათ შორის, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავენ. 

კომენტარები