1-ელ ნოემბერს ბოტსვანის პრეზიდენტმა, მოკვეცი მასისიმ, არჩევნებში დამარცხება მას შემდეგ აღიარა, რაც მისმა "ბოტსვანის დემოკრატიულმა პარტიამ" (BDP) 58-წლიანი მმართველობის შემდეგ არჩევნები დიდი სხვაობით წააგო.
ახლად არჩეული პრეზიდენტი 54 წლის იურისტი დუმა ბოკოა, რომელიც კოალიცია "ქოლგა დემოკრატიული ცვლილებებისთვის" (UDC) ლიდერია. სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული შედეგების მიხედვით, UDC-მ პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 31-ადგილიანი ზღვარი გადალახა.
"ხვალიდან მე დავიწყებ [ხელისუფლების] გადაცემის პროცესს და შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ, რომ ყოველთვის ვიქნები აქ, რათა რაზეც მოგინდებათ ნებისმიერი სახის რჩევა მოგცეთ". - განაცხადა მასისიმ ბოკოსთან სატელეფონო საუბარში, რომლის აუდიოჩანაწერიც X-ზე გავრცელდა.
"ჩვენ გადავინაცვლებთ ერთგულ ოპოზიციად არსებობისკენ და ვიმუშავებთ თქვენთან [ახალ ხელისუფლებასთან] ერთად ჩვენი ქვეყნის გასაუმჯობესებლად". - თქვა მასისიმ.
ანალიტიკოსების თქმით, მმართველი პარტიის მარცხის მიზეზი სოციო-ეკონომიკურ საკითხებზე მზარდი უკმაყოფილება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, გახდა.
სახელმწიფო ტელევიზიის მონაცემების მიხედვით, რომელიც 61-დან 55 საარჩევნო ოლქზე დათვლილ შედეგებს ეყრდნობა, UDC-ს პარლამენტში 32 მანდატი ჰქონდა მოპოვებული, ხოლო BDP ოთხ პარტიას შორის ბოლო ადგილზე იყო, მოპოვებული 4 ადგილით. ბოტსვანაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს.





