ბოტსვანა

ბოტსვანის პრეზიდენტი გერმანიას 20 000 სპილოს გაგზავნით ემუქრება

ბოტსვანის პრეზიდენტი გერმანიას 20 000 სპილოს გაგზავნით ემუქრება. მხარეები ბოტსვანაში სპილოების პოპულაციის რეგულირების საკითხზე ვერ თანხმდებიან.

წლის დასაწყისში, გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოთქვა ინიციატივა, რომ გერმანიაში სანადირო ტროფეის იმპორტზე შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს.

ბოტსვანის პრეზიდენტმა, მოკგვეესტი მასისიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს მისი ქვეყნის მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს.

ამასთან, მასისის თქმით, სპილოების რიცხვი კონსერვაციის მცდელობების შედეგია და ნადირობა პოპულაციის კონტროლსაც ეხმარება.

"ძალიან ადვილია იჯდე ბერლინში და გქონდეს აზრი ბოტსვანის შიდა საკითხზე. ჩვენ ვიხდით ფასს მსოფლიოსთვის ამ ცხოველების შენარჩუნებისთვის. გერმანელებმა ცხოველებთან ერთად ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ჩვენ მოგვიწოდებენ. ეს ხუმრობა არ არის". - უთხრა მასისიმ გერმანულ გამოცემა Bild-ს. 

ბოტსვანაში სპილოების მსოფლიო პოპულაციის მესამედი, 130 000-ზე მეტი სპილო ბინადრობს – იმაზე მეტი ვიდრე ქვეყანას შესაბამისი ადგილი აქვს.

ბოტსვანის პრეზიდენტის თქმით, სპილოების ჯოგი აზიანებს მისი ქვეყნის მოსახლეობის ქონებას, ჭამენ მოსავალს და თელავენ მოსახლეობას.

წარსულში გადაჭარბებულ პოპულაციასთან გამკლავების მიზნით, ბოტსვანამ მეზობელ ანგოლას 8 000 სპილო გადასცა, მოზამბიკს კი დამატებით 500 სპილო შესთავაზა.

"გვსურს, რომ გერმანიას ასეთი საჩუქარი შევთავაზოთ". - თქვა მასისიმ და აღნიშნა, რომ უარს პასუხად არ მიიღებს.

2021 წლის კვლევის მიხედვით, გერმანია ევროკავშირში აფრიკული სპილოების ტროფეის უდიდესი იმპორტიორია.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ ცხოველის მოკვლა და შემდეგ მისი თავის ან ტყავის სახლში ტროფეის სახით წაღება სისასტიკეა და უნდა აიკრძალოს.

ბოტსვანამ ტროფეის მოპოვების მიზნით სპილოებზე ნადირობა 2014 წელს აკრძალა, თუმცა, მოსახლეობის მხრიდან ზეწოლის შედეგად, 2019 წელს შეზღუდვა გააუქმა.

დღეს ქვეყანაში წლიური სანადირო კვოტები გაიცემა, რაც ქვეყნის ხელისუფლების განმარტებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროს აჩენს და შედეგად ისინი გარეულ ცხოველებზე ნადირობით ნაკლებად დაინტერესდებიან და ნადირობა იქნება ლიცენზირებული და მკაცრად კონტროლირებული.

კომენტარები