არჩევნები 2024

ბუჩუკური: ტექნიკურ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან, ბრიფინგზე ყოფნა თვითმიზანი არაა

გახარია საქართველოსთვის წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, პარტიას "ტექნიკურ დონეზე" აქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან. ბუჩუკურს ჰკითხეს, რატომ არ ესწრებოდნენ გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები სამი ოპოზიციური კოალიციის შეხვედრას და რატომ არ იყვნენ ოპოზიციის ბრიფინგზე.

"ბრიფინგზე ყოფნა თვითმიზანი ხომ არ არის. მთავარია, ვართ ტექნიკურ პროცესში, ტექნიკურ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან. ქარტიის ფორმატში ვთანამშრომლობთ პრეზიდენტთან. ვცვლით ინფორმაციას, მათ შორის, მტკიცებულებებს ყველასთან. დღესაც მტკიცებულებებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა წარმომადგენელმა. ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან ცალკეც და ქარტიის ფორმატშიც. ასევე გვაქვს ჩვენი პროცესი და გეგმა, რაც არ არის დამოკიდებული სხვაზე. ჩვენი პროცესი საერთო საქმეს აძლიერებს. მთავარი ეს არის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა სამი ოპოზიციური გაერთიანების გეგმას, ბუჩუკურმა თქვა, რომ "ჩვენი გუნდი მშვიდობიან აქციებში იღებს მონაწილეობას, არ ვართ ორგანიზატორები, თუმცა ვიდგებით ხალხთან ერთად“.

კოალიცია ცვლილებებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის და ძლიერი საქართველოს ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ სამოქმედო გეგმას ორშაბათს, 4 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე წარადგენენ.

"ჩვენ გვინდა, მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ არა უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩევნებს, არამედ, ის ხალხი, ქართული საზოგადოება, რაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის დიდი ლიდერობით, საამაყო ლიდერობით შეიკრიბა რუსთაველზე, ისევ შევიკრიბოთ და ვთქვათ, რომ არამხოლოდ არ ვაღიარებთ, ჩვენ ვიცით, თქვენ რა ჩაიდინეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს.

იქვე წარგიდგენთ იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რითიც ვაპირებთ ამასთან დაპირისპირებას" - ამბობს კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, ელენე ხოშტარია.

კომენტარები