OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 25%-ში საარჩევნო ბიულეტინების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო.
ამასთან, აღნიშნულია, რომ დაკვირვების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრით ან 7%-ში უბნის დაგეგმარებასთან ან მოწყობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო.
ანგარიშში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ ეწინააღმდეგება, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად ქართული ოცნებიდან, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ. დამკვირვებლების შეფასებით ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა, რადგან კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას.
ამასთან, საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ (10%), საარჩევნო უბნების შიგნით კი პარტიის წარმომადგენლები (7%).
ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ანგარიშებში აისახა საარჩევნო უბნების 4 პროცენტში მთელი ოჯახის ან ადამიანების ჯგუფის მიერ ხმის ერთდროულად მიცემა.
ზოგიერთ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ბრალდებების შესახებ.
დაკვირვების არეალში მოქცეული ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურები არათანმიმდევრულად იყო დაცული - ამომრჩეველთა თითებზე მარკირების რეგულარულად შემოწმება არ ხდებოდა (7%) ან ხმის მიცემამდე მარკირება არ ხდებოდა (4%).
ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის დანერგვისა და თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის გამო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა.
"მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიამ იცოდა, როგორ გამოეყენებინა ელექტრონული მოწყობილობები, 9%-ში ყველა ამომრჩეველს არ მიეცა ადეკვატური ინსტრუქცია ბიულეტენის გაფერადებისა და ხმის დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
საარჩევნო უბნების 54%-ში ზოგიერთ ამომრჩეველს გაუჭირდა ხმების დამთვლელ მოწყობილობაში ბიულეტენის შეცურება". - წერია ანგარიშში.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დაკვირვებათა 28%-ში შენიშნეს, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების სახელით მოქმედებდნენ, "რაც შეშფოთებას ზრდიდა ადგილობრივი დამკვირვებლების მიუკერძოებლობისა და მათი როლის ბოროტად გამოყენების გამო, რაც არ შეესაბამება ODIHR-ის მიერ გაცემულ უცვლელ რეკომენდაციას".
"7%-ში არაუფლებამოსილი პირები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ადგილობრივი დამკვირვებლები ხელს უშლიდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ამოწმებდნენ ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს და დახმარებას უწევდნენ ბიულეტენებთან დაკავშირებულ საკითხებში". - წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დაკვირვების 1 924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა, უმეტესწილად ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინებაზე მინიშნების გამო, რასაც მისიის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთვოდა საარჩევნო უბნებს შიგნით წარმოქმნილი დაძაბულობა და არეულობა და მოქალაქეთა სიჭარბე.
იხილეთ ანგარიში სრულად.