არჩევნები 2024

საარჩევნო ყუთში ბიულეტენები მოათავსეს - პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. [მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი] და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. 

აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

26 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობისას გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს ყრიდნენ. მათ შორის იყო მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი.

კომენტარები