საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ შეკრებილი მასალა აჩვენებს, რომ არჩევნების დღეს გაყალბების თითქმის ყველა ფორმა იყო გამოყენებული, მათგან ყველაზე მთავარი კი - ხმის ფარულობის დარღვევა.
"ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორ ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა პრაქტიკულად ყველა ცნობილი, თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების ფორმა და ეს ჩამოთვალა სწორედ ბორელმა - ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის ჩამორთმევა, კარუსელის დატრიალება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლახან საიამ გამოაჩინა, არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტრონული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზეც საიას ჰქონდა წინასწარ შეტანილი შენიშვნა და ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა და ალბათ, ამისთვის ცესკოც უნდა ყოფილიყო დაბარებული, არ ვიცი მე, ჩემი საქმე ნაკლებად არის
ასევე, არის უსერიოზულესი დარღვევები, დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება, როდესაც 1 მილიონზე მეტი გვყავს ემიგრანტი, როცა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო უბნებზე და ეს ყველაფერი თავდება იმით, რომ მხოლოდ 34 000 ადამიანს მიეცა უფლება არჩევანის დაფიქსირების, არის პირდაპირ შეზღუდვა უფლებების და დისკრიმინაცია." - ამბობს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა საქართველოს პროკურატურად მიმართა, რომ ჩაატარონ მყისიერი გამოძიება.
"ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებულნი, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა. ცესკოში ამ მომენტში, შეტანილია 1 100-ზე მეტი საჩივარი, მოთხოვნა შედეგების გაბათილების უშუალოდ 246 უბანს ემთხვევა, რაც ამ ეტაპზე 400 000 ამომრჩეველს ეხება, ესე იგი ჩანს, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგი არჩევნების შედეგებზე.
და ყველაზე მთავარი, რომ ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხი არის დასმული, რის შედეგადაც 2 243 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა არის და შეიძლება დადგეს ეს საკითხი. პროკურატურას ვურჩევდი, რომ სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას. ამ მომენტში როცა საჭირო არის და ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ გამოჩნდეს ბოლოს და ბოლოს, თუ შეუძლია პროკურატურას რომ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვებს. ასე, რომ შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს და პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





