ცენტრალური საარჩევნო კომისია, მთვლელი აპარატების კონსოლიდაციის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
ცესკოს თქმით, ყველა ტექნოლოგიურ უბანზე განხორციელდა ხელით გადათვლისა და შესაბამისი ოქმების განთავსების პროცედურა.
განცხადებაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე აღნიშნავს,რომ ანგარიშების სრულად კონსოლიდირებული, საბოლოო ვერსიების დამატებით ატვირთვას ვენდორი ორგანიზაციის შესაბამისი დადასტურების გარეშე, ინფორმაციას ან მონაცემს ვერ შეცვლის.
"ორი ან სამი მთვლელი აპარატის ნაცვლად, განხორციელდა ერთით ნაკლები მთვლელი აპარატის ინფორმაციის კონსოლიდაცია და გამოიგზავნა ცესკოს სერვერზე, რაც დაუყოვნებლივ აიტვირთა.
ამასთანავე, ცესკოს ყველა ტექნოლოგიურ უბანზე განხორციელდა ხელით გადათვლა და შესაბამისი ოქმების განთავსება, რაც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ გაეცნოს მას.
საკითხის იდენტიფიცირებისთანავე, შესაბამისმა კომისიებმა მყისიერად განახორციელეს ყველა მთვლელი აპარატის კონსოლიდაცია და პროცედურების დაცვით გადმოგზავნა ცესკოში.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ უმაღლესი გამჭვირვალობის სტანდარტის დაცვით ცესკო არ ახორციელებს ვებ-გვერდიდან მის წაშლას ან ჩანაცვლებას - ყველა ინფორმაცია რჩება ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად.
რაც შეეხება ანგარიშების სრულად კონსოლიდირებული საბოლოო ვერსიების დამატებით ატვირთვას, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი პარტნიორი, ვენდორი ორგანიზაციის "სმარტმატიკის" შესაბამისი დადასტურების გარეშე, მხოლოდ ცესკო ვერავითარ ინფორმაციას ან მონაცემს ვერ შეცვლის - შესაბამისად, წინასწარი შედეგების ანგარიშებიდან ან ოქმებთან დაკავშირებით განხორციელებული ყველა პროცედურა შესაძლებელია მხოლოდ ორმაგი დადასტურებით, რის გამოც სრული კონსოლიდირებული ვერსიების განთავსება განხორციელდა ვენდორის მხრიდან, შესაბამისი დადასტურების შემდეგ.
ამასთანავე, შეგახსენებთ რომ დღეს, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში, წილისყრით გამოვლენილი 367 უბნის შედეგები გადაითვალა.
ასევე, ხვალ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, სხვა საარჩევნო უბნების გადათვლა.
ამის შედეგად, ცხადია, შესაძლოა მცირედით შეიცვალოს მონაცემები, რაც მიიღება საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებით აიტვირთება ზემოთნახსენები პროცედურების შესაბამისად და ინფორმაციაც განახლდება შესაბამისად - ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებთან თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას რა მიზნითაც მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ კვალიფიციური და კანონისმიერი განმარტება ჩვენგან". - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.





