უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის გადადგომას კენჭი უყარა.
28 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას განსახილველად კოსტინის გადადგომის განცხადება წარუდგინა.
მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათობით თანამდებობის პირი, მათ შორის, პროკურორები, თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ სამხედრო გაწვევისგან თავის ასარიდებლად.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ხმელნიცკის რეგიონში 50 პროკურორი შშმ პირად არის გაფორმებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად უწყებაში დაიწყო გამოძიება და დადგინდა, რომ აღნიშნულ რეგიონში შშმ პირად რეგისტრირებული 61 პროკურორი მუშაობდა, მათგან 50-მა შესაბამისი ცნობა ომის დაწყებამდე აიღო.
"გენერალურმა პროკურორმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პროკურატურის ორგანოებში არსებული სიტუაციის გამო". – დაწერა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ზელენსკის ამ პოსტს მალევე მოყვა კოსტინის განცხადება გადადგომის შესახებ. მთავარმა პროკურორმა სამხედრო გაწვევისგან თავის არიდებას "ცალსახად ამორალური" უწოდა და აღნიშნა, რომ ის მზად არის ამისთვის პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს.
"ამ სიტუაციაში, ვფიქრობ, სწორი იქნება განვაცხადო ჩემი გადადგომა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან" – წერს კოსტინი.