არჩევნები 2024

კრისტერსონი: ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნები მრავალი დარღვევით ჩატარდა

ულფ კრისტერსონი
Photo: Ninni Andersson/Government Offices of Sweden

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, წინასწარი ანგარიშები იმ ფაქტზე მეტყველებს, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნები მრავალი დარღვევით ჩატარდა, ხოლო შვედეთის მთავრობას ისეთ მთავრობასთან თანამშრომლობა არ სურს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება. 

"ჩვენ საბოლოო ანგარიში არ მიგვიღია, თუმცა ყველაფერი იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ [არჩევნები] მრავალი დარღვევით [ჩატარდა], შედეგები სანდო არ არის და სხვადასხვა გზით პირდაპირი გაყალბება მოხდა". - თქვა კრისტერსონმა შვედურ მედიასთან საუბრისას

პრემიერმინისტრმა კომენტარი გააკეთა შვედეთის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებაც. მისი თქმით, 

"ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ქვეყანა ევროპას დააშოროს. ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ შეგვიძლია ისეთ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა, რომელიც [ევროპულ ღირებულებებს] ეწინააღმდეგება". - თქვა კრისტერსონმა. 

კრისტერსონმა ასევე ისაუბრა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები "თავისუფალი და დემოკრატიული" იყო და აღნიშნა, რომ ორბანის პოზიცია არც შვედეთის და არც მთლიანად ევროკავშირის პოზიციას შეესაბამება. 

"ის ევროპის ქვეყნების სახელით არ საუბრობს, არც შვედეთის. ის შეიძლება რუსეთის პირით ლაპარაკობდეს, თუმცა არა ნებისმიერი ჩვენგანის". - აღნიშნა კრისტერსონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა იგი, რომ საქართველოში ბელარუსის მსგავსი სცენარი შესაძლოა განვითარდეს, შვედეთის პრემიერმინისტრმა უპასუხა, რომ ეს რუსეთის ამბიციაა. 

"ახლა არსებობს ორი ქვეყანა [საქართველო და მოლდოვა], რომლებიც რუსულ და ევროპულ, დემოკრატიულ გავლენებს შორის დგანან. [...] დიდი ხანია, რუსეთის ამბიციაა, რომ ევროპასთან მათი დაახლოება შეაჩეროს. ეს არის ომი არა ტრადიციული სამხედრო მოქმედებებით, არამედ მეტად სახიფათო ჰიბრიდული ომი ამ ქვეყნების წინააღმდეგ". - ინტერვიუს ბოლოს თქვა შვედეთის პრემიერმინისტრმა. 

ცნობისთვის, 28 ოქტომბერს შვედეთის თანამშრომლობის განვითარებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დუსამ განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებს. 

დუსას თქმით, საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვითარება საგანგაშო იყო და ამას აძლიერებს საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები.

"საქართველოში მოვლენების განვითარებამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. დარღვევები, რომლის შესახებაც განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნებზე, ცხადყოფს ამას.

ამიტომ, [შვედეთის] მთავრობა აჩერებს უშუალოდ შვედეთისა და საქართველოს ხელისუფლებების თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო სამსახურთან". - თქვა დუსამ.

კომენტარები