ფრედერიკ შოპენი

ნიუ-იორკში, ბიბლიოთეკის საცავში ფრედერიკ შოპენის აქამდე უცნობი ვალსი აღმოაჩინეს - [VIDEO]

ნიუ-იორკში, ერთ-ერთი ბიბლიოთეკის საცავში პოლონელი კომპოზიტორის, ფრედერიკ შოპენის აქამდე უცნობი ვალსი დაწერიდან 200 წლის შემდეგ აღმოაჩინეს

კურატორი რობინსონ მაკკელანი მანჰეტენის მორგანის ბიბლიოთეკაში კულტურული სამახსოვრო ნივთების კოლექციას ათვალიერებდა, როდესაც მან პატარა ხელნაწერი აღმოაჩინა. ზემო მარჯვენა კუთხეში ხელნაწერს ნაცნობი გვარი, შოპენი ეწერა. 

"მე გავიფიქრე, "რა ხდება? რა შეიძლება იყოს ეს?", მუსიკა ვერ ვიცანი", - ეუბნება მაკკელანი გამოცემა New York Times-ს. 

მაკკელანმა აღმოჩენის შემდეგ ხელნაწერი ჯეფრი კალბერგს აჩვენა, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში მუსიკოლოგიის პროფესორია. 

"ყბა ჩამომივარდა. ვიცოდი, რომ ეს [ხელნაწერი] აქამდე ნანახი არ მქონდა". - უთხრა კალბერგმა გამოცემას. 

ქაღალდის, მელნის, ხელწერისა და მუსიკალური სტილის გამოკვლევის საფუძველზე მორგანის მუზეუმმა დაადასტურა, რომ უცნობი ვალსი სწორედ მე-19 საუკუნის პოლონელ კომპოზიტორს ეკუთვნოდა. 

ხელნაწერი 1830-1835 წლებით არის დათარიღებული. შოპენი ამ წლებში 20-25 წლის იყო. 

პიანისტმა ლანგ ლანგმა, რომელმაც გამოცემა New York Times-ისთვის შოპენის ახლად აღმოჩენილი ვალსი შეასრულა, კომპოზიციას "ავთენტური შოპენი" უწოდა და აღნიშნა, რომ ვალსის ჟრუანტელის მომგვრელი შესავალი პოლონეთის სუსხიანი ზამთრის შეგრძნებას იწვევს. 

"ეს არ არის შოპენის ყველაზე კომპლექსური კომპოზიცია, თუმცა ის შოპენის ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ სტილს წარმოადგენს". - თქვა ლანგმა. 

შოპენი, რომელიც დაახლოებით 250 საფორტეპიანო სოლოს ავტორია, საფრანგეთში 1849 წელს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები