არჩევნები 2024

საარჩევნო კომისიამ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად გამოაცხადა

მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად გამოცხადდა. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, დეტალები, რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო პირი, რომელმაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა, მოგვიანებით გახდება ცნობილი

"მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია მარნეულში ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. 69-ე უბანზე შეწყდა საარჩევნო პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. რაც შეეხება დეტალებს, ჩვენ როგორც სოციალური ქსელებიდან გვაქვს ინფორმაცია და ვიდეოში ვნახეთ, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანზე ეკეთა წარმომადგენლის მოწმობა. უფრო მეტ დეტალებს, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო, მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – აღნიშნა იოსელიანმა.

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ბიულეტენებს ყრიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაყალბების მუხლით დაიწყო. 

როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 164³ მუხლით, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს. 

მარნეულში 69-ე საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმის მიცემა შეწყდა.

ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის საარჩევნო კომისიას მოსთხოვა, რომ 69-ე უბანთან დაკავშირებით სხდომა მოეწვიათ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღოთ. ასევე, მან შსს-ს მიმართა, შესაბამისი პროცედურები სწრაფად განახორციელონ.

კომენტარები