ხვალ საპარლამენტო არჩევნებია. ამომრჩეველთა ნაწილმა უკვე იცის, ვის გააფერადებს ბიულეტენში, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც იქ ღირსეულ კანდიდატს ვერ ხედავს.
მათგან ნაწილი ფიქრობს, რომ რადგან ბიულეტენში არც ერთი ღირსეული კანდიდატი არ დახვდება, არჩევნებზე წასვლაზე საერთოდ უნდა თქვას უარი. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არჩევანი “ნაკლებ ბოროტებაზე” უნდა შეაჩეროს.
ორივე მოსაზრება მცდარია: ამ არჩევნებზე წასვლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საერთოდ გვქონდეს არჩევნები, ხოლო “ბოროტება” არასდროს უნდა იყოს მიზანი, მათ შორის, არც უმცირესი.
მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ვერც ერთ კანდიდატში სიკეთეს ვერ ვხედავდეთ, სიკეთე მათ მიღმა უნდა განვჭვრიტოთ. ჩვენ ხმა არა მათ, არამედ ამ კეთილ მიზანს უნდა მივცეთ, სადაც უღირსი კანდიდატის არჩევა უფრო დიდი სიკეთისთვის შეიძლება იყოს აუცილებელი.
ადამიანები მოწოდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში მხოლოდ კეთილი განზრახვითა და საერთო სიკეთისკენ სწრაფვით. არჩევანი მიზნად მხოლოდ სიკეთეს შეიძლება ისახავდეს. კეთილი განზრახვითა და მიზნით ჩვენ ხმა უნდა მივცეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ასევე საერთო სიკეთისთვის ისწრაფვიან. ამასთან, ჩვენი ხმა სასარგებლო უნდა იყოს, რადგან არსებობს შემთხვევები, როცა ჩვენი ხმა უსარგებლოა. მაგალითად, თუ არჩევანი ნაცისტებსა და კომუნისტებს შორის გვაქვს. სოლჟენიცინს რომ დავესესხოთ: “დაე თქვენი მრწამსი იყოს ასეთი: დაე შემოვიდეს სიცრუე სამყაროში. თუნდაც ტრიუმფით. მაგრამ არა ჩემ მიერ” - წერდა სოლჟენიცინი.
არ შეიძლება არჩევანის გაკეთება ორ თავისთავად ბოროტებას შორის. ასეთ დროს სათნოება არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებაა და გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
საბედნიეროდ, უმრავლეს დემოკრატიებში ადამიანები ამგვარი ექსტრემალური არჩევანის წინაშე არ დგებიან. ამის მიუხედავად, შესაძლოა, ბიულეტენში ისინი ვერც ერთ ღირსეულ კანდიდატს ვერ ხედავდნენ.
აქ ეთიკური კალკულაცია რთულდება, რადგან ხმის მიცემა თანამშრომლობაა. ყოველი თანამშრომლობა გულისხმობს პასუხისმგებლობის გაზიარებასაც. მაგალითად, კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო ადამიანს არ ათავისუფლებს სხვისი ცოდვებისგან, როცა ის თანაეზიარება მას:
- უშუალო და ნებაყოფლობითი მონაწილეობით;
- წარმართვით, რჩევით, ქებითა თუ დასტურით;
- მათი არმხილებით, არდაბრკოლებით, მათი ჩადენისაკენ სწრაფვით;
- ბოროტისმქმნელთა დაცვით;
არავინ არის ვალდებული ხმა მისცეს უღირს კანდიდატს, თუმცა, ამ ეთიკით, უღირსი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია გარკვეული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის.
გავყვეთ თანამონაწილეობის ფორმებს:
ფორმალური თანამშრომლობა
ფორმალური თანამშრომლობით ჩვენ ვეთანხმებით სხვის მიერ ბოროტების ჩადენას და ვმონაწილეობთ მის აღსრულებაში. სხვას ბოროტ ქმედებაში არასდროს უნდა დავეხმაროთ. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ნებისმიერ უკეთურ მიზანში მონაწილეობა ამორალურია.
მატერიალური თანამშრომლობა
მატერიალური თანამშრომლობისას ჩვენ არ ვეთანხმებით ბოროტ განზრახვას, თუმცა ქმედებებით ხელს ვუწყობთ მის დადგომას. ის თითქმის ყოველთვის ამორალურია.
ამგვარი მატერიალური თანამშრომლობა შეიძლება იყოს სხვის ქმედებასთან დაახლოებული და დაშორებული.
უშუალო და ახლო თანამშრომლობა
მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა, უშუალო და ახლო თანამშრომლობა ბოროტებასთან ყოველთვის ბოროტია, რამდენადაც განმაპირობებელია და აუცილებელია, რათა ცოდვა დადგეს. მაგალითად, არ შეიძლება ადამიანისთვის ფულის სესხება, თუ ის ამ ფულით ბოროტების ჩადენას აპირებს.
დაშორებული შუალედური მატერიალური თანამონაწილეობა ბოროტია, გარდა გარკვეული გარემოებებისა
სხვის ბოროტ ქმედებაში თანამონაწილეობა მატერიალური მხარდაჭერით, რომელიც დაშორებულია, ანუ, უშუალოდ არ უკავშირდება ბოროტ ქმედებას, ცოდვილია. თუმცა, გარკვეულ გარემოებებში შეიძლება მისი შეწყნარება:
- ქმედება, რომლითაც თანამონაწილეობა სრულდება თავად არ არის ცოდვილი, ანუ, ორგვარი შედეგი აქვს: დადებითი ავირჩიეთ, უარყოფითი კი შევიწყნარეთ;
- პროპორციულად სერიოზული მიზეზი არსებობს სხვისი ბოროტების შეწყნარებისთვის;
- სკანდალის საფრთხე (სხვათა დაბრკოლების საფრთხე) არიდებულია პროტესტით, ახსნით ან სხვა საშუალებით;
დადებითი შედეგები, რომლის გამოც ხმას ვაძლევთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, პროპორციული უნდა იყოს, რათა უარყოფითი შედეგები აანაზღაუროს
ეს პროპორციულობის პრინციპია. ის კრძალავს იმ შედეგების შეწყნარებას, რომლებიც ქმედებისგან მოსალოდნელი დადებითი შედეგებთან სერიოზულად პროპორციული არ არის.
მაგალითად, ადამიანმა არ შეიძლება მისცეს ხმა მას, ვინც გააზრებულად ხელყოფს სიცოცხლეს, მაგრამ აუმჯობესებს გარკვეულ, მეორეულ უფლებებს. არსებობს შედეგების იერარქია, სადაც მაგალითად გარემოსდაცვითი საქმიანობის ჩვენი პრიორიტეტი ვერასდროს გადაფარავს სიცოცხლის მორალურ მაქსიმას.
მართალია განზრახვა ჩვენს არჩევანს ძირითადად “განწმენდს” გონებისა და განსჯის ცდომილებისგან, მაგრამ არა ყოველთვის. თუ თქვენ განიზრახეთ კეთილი, მაგრამ შედეგი სასიკეთო არ დადგა, თქვენი ქმედება ავტომატურად ბოროტება არ ყოფილა - მაგრამ არა ისეთ შემთხვევებში, როცა ცალსახად შესაძლებელი იყო გონივრულად გვევარაუდა ამგვარი შედეგების დადგომის ვალდებულება.
მარტივად, ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ხმა უღირს კანდიდატებს, თუ მათთვის ხმის მიცემა დისტანცირებულია ბოროტებისგან, ჩვენ ამ ბოროტებას ვიწყნარებთ - მაგრამ არ ვუჭერთ მხარს და კეთილი მიზანი, რომელსაც მხარი დავუჭირეთ მნიშვნელოვნად აღემატება ბოროტ შედეგებს.
26 ოქტომბრის არჩევნებზე ბიულეტენში 18 სუბიექტი დაგხვდებათ.
თუ თქვენი სინდისი გეუბნებათ, რომ ნებისმიერი დიდი პარტიისთვის ხმის მიცემა ბოროტებასთან დაუშვებელი თანამშრომლობაა, არც ასეთ შემთხვევაში თავისუფლდებით არჩევნებზე წასვლის ვალდებულებისაგან. შეგიძლიათ ხმა ცვლილებას მისცეთ. ბიულეტენში იპოვით რომელიმე მცირე პარტიას, რომელსაც შეიძლება საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, მაგრამ მისთვის ხმის მიცემა ზემოთმოხმობილი ეთიკური წესებს არ არღვევს.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ რომ მსგავსი პარტიის გაფერადებით თქვენი ხმა დაიკარგება. ეს ასე არ არის.
საარჩევნო ურნაში ჩაგდებული ნებისმიერი ნამდვილი ხმა, რომელიც სტატუს კვოს არ მიუღია, მის პროცენტს ამცირებს. თუ ცვლილების ჯამური ხმები, სტატუს კვოს ხმებზე მეტია, ეს ერთი შეხედვით დაკარგული ხმა ცვლილებას მოხმარდება.




