გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები

ლოს-ანჯელესის მთავარი პროკურორი ძმები მენენდესების პირობით გათავისუფლებას მხარს უჭერს

ერიკ და ლაილ მენენდესები
Rolling Stone

ლოს-ანჯელესის მთავარი პროკურორი, ჯორჯ გასკონი ძმების, ერიკ და ლაილ მენენდესების პირობით გათავისუფლებას მხარს უჭერს - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს.

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს თითქმის 30 წლის წინ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

1989 წელს ძმებმა მშობლები ჯოზე და კიტი მენენდესები საკუთარ სახლში სანადირო თოფებით მოკლეს. პროკურატურის ვერსიით მკვლელობის მიზეზი მემკვიდრეობის მიღება იყო. თავად ეჭვმიტანილების მტკიცებით, მათზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა მამა, ხოლო დედამ ამის შესახებ იცოდა და შვილების დაცვა არ უცდია. მკვლელობის მომენტში ლაილ მენენდესი 21 წლის იყო, ხოლო ერიკ მენენდესი 18-ის.

1990-იანების დასაწყისში გახმაურებული საქმის შესახებ 2024 წელს სტრიმინგის სერვისზე Netflix მინისერიალი Monsters: The Lyle and Erik Menendez Story გამოვიდა. 

აქამდე, გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს ახალი მტკიცებულებები დაემატა - მათ შორის, ერიკ მენენდესის მიერ ბიძაშვილისთვის მიწერილი წერილი, სადაც მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ წერს.

ლოს-ანჯელესის ოლქის მთავარ პროკურორმა 24 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქმის ახალი მტკიცებულებები და მინიჭებული სასჯელი გადახედვას იმსახურებდა.

"მჯერა, რომ ისინი დისფუნქციურ ოჯახში იზრდებოდნენ და იტანდენ წარმოუდგენელ შევიწროვებას.

მკვლელობას გამართლება არ აქვს, მაგრამ მჯერა, რომ მათ საკუთარი ვალი უკვე მოიხადეს საზოგადოების წინაშე". - თქვა ჯორჯ გასკონმა, ლოს-ანჯელესის მთავარმა პროკურორმა BBC-ის ცნობით.

BBC-ის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მენენდესების პირობითი სასჯელით გათავისუფლებაზე მოსამართლე მიიღებს - 30 წელია, რაც ერიკ და ლაილ მენენდესები შეფარდებულ უვადო პატიმრობას ციხეში იხდიან.

კომენტარები