რუსული კანონი

აქციების დარბევაზე აზრის გამოთქმისთვის გაგვათავისუფლეს – შშს-ს ყოფილი თანამშრომელი

შშს-ში მომუშავე ადამიანები ხმამაღლა ალაპარაკბდნენ სამართალდამცავ სისტემაში არსებულ დარღვევებზე. 

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, რამინ სირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი და მისი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვების მიზეზზე საუბრობს.

სირაძის თქმით, ის მიმდინარე წელს რუსული აქციის საწინააღმდეგო აქციებზე სპეცრაზმელების მიერ დემონსტრანტების სასტიკად ცემას გაემიჯნა, რის შედეგადაც, სირაძესა და მის თანამშრომელს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა აიძულეს.

"რუსული კანონის მიღების პერიოდში არსებულ საპროტესტო გამოსვლებზე როდესაც ვუყურებდი ხალხს როგორ უსწორდებოდნენ, მე და ჩემმა რამოდენიმე თანამშრომელმა დაახლოებით 60-65 წლის კაცი პირველ სკოლასთან ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გაავებულ სპეცრაზმელებს. ასეთ შემთვევებზე ღიად ვაფიქსირებდი ჩემ აზრს, რომ ხალხის ცემა ასეთი სისასტიკით არანაირ საზღვრებში არ ჯდებოდა. სწორედ ამის გამო დამიბარეს მე და კიდევ ჩემი ერთი თანამშრომელი (ვინაობას არ დავასახელებ) გვითხრეს რომ პოლიციელებს ვამტყუნებთ და სხვა მხარეს ვდგავართ და უნდა დაგვეწერა პატაკები სამსახურიდან წასვლაზე. თან ყველაზე სასაცილო ის არის რომ ისეთმა კაცმა მითხრა ეს ყოველივე ვისაც ხელები გაცვეთილი ქონდა მიშაზე ტაშის კვრით და ხმა ჩახლეჩილი მიშას ძახილით ამის ვიდეო არსებობს იუთუბ არხზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც რაღაც არ მომწონს არ ნიშნავს რომ ვიღაცის მომხრე ვარ, რაც არ მომწონდა ნაცების დროს იმასაც ვაფიქსირებდი და რაც ეხლა არ მომწონს იმასაც ვამბობ.

ბევრი ღირსეული პოლიციელი მუშაობს დღეს სისტემაში და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. ბევრთან მეგობრობა მაკავშირებს და არასდროს ღირსეულ პოლიციელს მე არ გავამტყუნებ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა!!! მე მშობლებმა ასე გამზარდეს და როდესაც 9 აპრილს დედაჩემი რუსთაველზე იდგა ბუნდოვნად მაგრამ მახსოვს როგორ ვიდექი ტელევიზორთან 5 წლის და როგორ ვუყურებდი რაც იქ ხდებოდა. რუსულ ენას სკოლაში პროტესტის ნიშნად არ ვსწავლობდი!!! (ეგ ცალკე თემაა სწორი იყო თუ არა, ალბათ ჯობდა მაინც მესწავლა) რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთი ჩვენი მტერია!!! ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მათ მიერ და გვყავს ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი მათ გამო. უამრავი დაღუპული ადამიანი, უამრავი გმირი. ვენაცვალე მათ ხსოვნას და სულებს!!! ბოდიშს ვიხდი თუ რამე არასწორად დავწერე და მოგაბეზრეთ თავი. ყველანი არჩევნებზე!!!" – წერს სირაძე.

მანამდე, 2023 წლის ივლისში შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, გოგა რაზმაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვდა. რაზმაძე წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს". 

10 ნოემბერს რაზმაძე სამსახურიდან გაუშვეს, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ რაზმაძის საქმეზე სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა.

კომენტარები