26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება - ამომრჩეველთა უმეტესობა ხმას ელექტრონული წესით მისცემს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი, არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მონაწილეობს.
კენჭისყრა დილის 08:00 საათზე და 20:00 საათზე დასრულდება. თუ საღამოს რვა საათზე ისევ რიგში იდგებით, ხმის მიცემა მაინც შეგეძლებათ.
იმის გამო, რომ უბნების უმეტესობაზე არჩევნები ელექტრონულად ტარდება, მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დროც.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ხმის მთვლელ აპარატში მოათავსებს გადასატანი ყუთის ბიულეტენებს. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში დაითვლის ხმებს და დაბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამონაწერის ასლს პლანშეტის საშუალებით ცესკოში გადაგზავნის, საარჩევნო უბანზე კი, დაიწყება ხელით დათვლის პროცედურა. თუმცა, წინასწარი პირველადი შედეგების გამოცხადება უკვე შესაძლებელი იქნება. ეს უბნების დახურვიდან დაახლოებით ორ საათში, 22:00 საათისთვის მოხდება.
"თეორიულად, თუ საარჩევნო უბანზე 20:00 საათისთვის რიგში არ იქნება არცერთი ამომრჩეველი და არცერთი ამომრჩეველი არ ისარგებლებს გადასატანი საარჩევნო ყუთით, ამ კონკრეტული საარჩევნო უბნის შედეგები შეიძლება ცნობილი გახდეს, დაახლოებით, 20:15 საათისთვის. თუმცა, თუ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, არის შემთხვევები, როდესაც საღამოს 20:00 საათზე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ამომრჩევლები ჯერ კიდევ რიგში დგანან და ამის გამო საარჩევნო უბანი იხურება 15-20 წუთის დაგვიანებით. აგრეთვე, იშვიათად გვხვდება ისეთი უბანი, სადაც ამომრჩეველი არ იყენებს გადასატან საარჩევნო ყუთს. ყოველივე ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ხმის მთვლელ აპარატზე კენჭისყრის რეჟიმი შეიძლება დაიხუროს 20:30 საათზე, ხოლო ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი 21:00 საათამდეც კი შეიძლება გაგრძელდეს. საზოგადოება საარჩევნო შედეგებს უნდა ელოდოს საღამოს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 22:00 საათზე საზოგადოებას ეცოდინება არჩევნების სრული წინასწარი შედეგები" - ამბობს ელეტრონული არჩევნების პროექტის ავტორი საქართველოში, ირაკლი ხორბალაძე.
საბოლოო შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო უბანზე სწორედ ხელით დათვლის შემდეგ შედგება. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი იგზავნება ცესკოში პლანშეტის გამოყენებით, ოქმი კი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
"შედეგების გადასაცემად კომისიის თავმჯდომარე ხმის დამთვლელი აპარატის USB პორტში მოათავსებს სპეციალურად დაშიფრულ ცარიელ მეხსიერების ბარათს. ხმის მთვლელი აპარატი რამდენიმე წამში კენჭისყრის შედეგებსა და ქვითრის გამოსახულებას ჩაწერს მეხსიერების ბარათზე. ამის შემდეგ მეხსიერების ბარათს მიაერთებენ პლანშეტზე, რომელიც შედეგების გადაცემის პროგრამის მეშვეობით დაშიფრულ შედეგებს ავტომატურად გადასცემს ცესკოს" - ამბობს ხორბალაძე.




