სოციალურ ქსელში ვრცელდება სატელეფონო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში ოჯახის ექიმისთვის ბინას ეძებს.
ჩანაწერს Youtube-ზე Cyber Kmara ავრცელებს და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესისა და სხვა საქმეების სამართავად მოსკოვში საიდუმლო ოფისი აქვს. მათი მტკიცებით, ოფისს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რუსი ანდრეი დრიომინი მართავს, რომელსაც ივანიშვილი "ჩემს პროტეჟედ" მოიხსენიებს.
Cyber Kmara წერს, რომ ოფისში მუშაობს ივანიშვილის პერსონალური ასისტენტი მოსკოვში, ვალენტინა მოროზოვა. მათი მტკიცებით, ჩანაწერში ივანიშვილი სწორედ მოროზოვას ესაუბრება და ავალებს, რომ ივანიშვილების ოჯახის ექიმისთვის, რომელიც, Cyber Kmara-ს მტკიცებით, ასევე რუსია, მოსკოვში ბინა იპოვოს.
Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს ავტორები წერენ, რომ ივანიშვილისა და მოროზოვას საუბარი 2020 წლის 17 ოქტომბერს შედგა.
კაცის ხმა (სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი): როგორც გითხარით, ერთი ექიმია, რომელიც გვეხმარება, ოჯახის ექიმი. ევროპაში ცხოვრობს. რუსი ქალია, სახელად იულია. კატია მოგვიანებით მის ნომერს გამოგიგზავნის.
ქალის ხმა (სავარაუდოდ, ვალენტინა მოროზოვა): ვიცნობ იულიას.
კაცის ხმა: ა, იცნობ იულიას?
ქალის ხმა: კი, კი.
კაცის ხმა: მოსკოვში ბინის ყიდვა უნდა და კონსულტაცია და დახმარება სჭირდება. რახან ევროპაში ცხოვრობს, ვინმეს დახმარება სჭირდება. ანდრეი, ან შენ, ან ვინმე, არ ვიცი... შესაბამისი რეალტორის პოვნაა საჭირო, ვისი ნდობაც შეიძლება.
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი, მის თანაშემწესთან მოსკოვში ბინების ფასებს არკვევს.
კაცის ხმა: დაახლოებით იცი ბინების ფასები ცენტრში და კარგ უბნებში?
ქალის ხმა: კი, დაახლოებით ვიცი. ცენტრში 20, 30, 40 მილიონი და მეტი.
კაცის ხმა: ეს რუბლებში...
ქალის ხმა: რუბლებში, დიახ.
კაცის ხმა: კვადრატულ მეტრებზეც უნდა მითხრა.
ქალის ხმა: კვადრატული მეტრი ცენტრში, ახალაშენებულში, 200-300 ათასი რუბლი ღირს. ეს დაახლოებით...
კაცის ხმა: ეს დაახლოებით 5 ათასი დოლარია თუ 3 ათასი?
ქალის ხმა: დაახლოებით 5 ათასი დოლარია.
კაცის ხმა: და რამდენი ჯდება, 70 თუ 80?
ქალის ხმა: სად?
კაცის ხმა: დოლარებში.
ქალის ხმა: დოლარებში 75-77, გააჩნია ჯამს.
კაცის ხმა: და რა თქვი რა ჯდებაო? 20 მილიონი?
ქალის ხმა: 20 მილიონი მინიმუმია...
კაცის ხმა: და ცენტრში რა თქვი, რა ღირსო?
ქალის ხმა: ცენტრში ნახევარი მილიონიდან მილიონამდე და მეტი.
კაცის ხმა: რამხელა ბინაზეა საუბარი?
ქალის ხმა: 2-3-ოთახიან ბინას ვგულისხმობ.
ჩანაწერის ბოლოს, სავარაუდოდ, ივანიშვილი, თავის თანაშემწეს ოჯახის ექიმთან დალაპარაკებას და მისი სურვილების შესაბამისი ბინის მოძებნას ავალებს.
აქამდე, 16 ოქტომბერს, იმავე Youtube-არხზე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე, რუსულ კომპანია ფსიხოდემიის წარმომადგენელთან, ილიასთან, ქოუჩინგის კურსის დეტალებს არკვევს.
აღსანიშნავია, რომ 16 ოქტომბერს, პირველი ჩანაწერის გამოქვეყნებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც "პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას".