სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე, რუსულ კომპანია ფსიხოდემიის წარმომადგენელთან, ილიასთან, ქოუჩინგის კურსის დეტალებს არკვევს.
ქალის ხმა (სავარაუდოდ, ეკატერინე ხვედელიძე): ალო.
კაცის ხმა (სავარაუდოდ, რუსული კომპანიის წარმომადგენელი): ალო, გამარჯობა, ეკატერინე ბრძანდებით?
ქალის ხმა: დიახ, გამარჯობა.
კაცის ხმა: ილია ვარ ფსიხოდემიიდან, გუშინ ვისაუბრეთ, გახსოვთ.
ქალის ხმა: დიახ, დიახ, მახსოვს და შემდეგ სადღაც გაქრით (იცინის).
კაცის ხმა: დიახ, კავშირი გაწყდა და ვეღარ შევძელი თქვენთან დაკავშირება. გადავწყვიტე, დღეს გადმომერეკა. შეგიძლიათ ახლა საუბარი?
ქალის ხმა: დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, შემიძლია.
კაცის ხმა: დიახ, ეკატერინე, როგორც მახსოვს, გუშინ მითხარით, რომ ტრენინგით იყავით დაინტერესებული, ხომ ასეა?
ქალის ხმა: დიახ, დიახ.
კაცის ხმა: კი ბატონო, მაშინ რამდენიმე საკითხს დავაზუსტებ, რომ გავიგო, სწავლების რომელი პროგრამის რეკომენდირება შემიძლია. ან თავად მითხარით, რა გსურთ, რას ეძებთ.
ქალის ხმა: არა, მოდი, თქვენ დაიწყეთ და შემდეგ ვნახოთ.
კაცის ხმა: კი ბატონო, მაშინ რამდენიმე საკითხს დავაზუსტებ. შეგიძლიათ, მითხრათ, ფსიქოლოგიის რომელი სფერო და მიმართულება გაინტერესებთ?
ქალის ხმა: საერთოდ, მე მაინტერესებს ქოუჩინგი. პრინციპში, არ ვიცი, გულწრფელად რომ გითხრათ. მითხარით, რომელი კურსები გაქვთ.
კაცის ხმა: კი ბატონო, გვაქვს ქოუჩინგის სასწავლო კურსი, რომელიც საუკეთესოდ ითვლება ჩვენთან, ეს არის ნულიდან მეორე დონემდე. რამდენად იცნობთ ქოუჩინგს? რა მოგიყვეთ ამ თემაზე?
ქალის ხმა: ქოუჩინგს ვიცნობ, უბრალოდ, ღრმად არასდროს ჩამიხედია და ახლა დამაინტერესა.
კაცის ხმა: რატომ გადაწყვიტეთ ახლა ამით დაინტერესება?
ქალის ხმა: ნაცადი მაქვს, სესიების ჩატარება მთხოვეს სხვა ადამიანებთან და ძალიან კარგად გამომივიდა. რახან გამომივიდა, მინდა ვცადო მივიღო ფუნდამენტური განათლება, რომ ამით სერიოზულად დავკავდე და არ დარჩეს ჰობად.
კაცის ხმა: კი ბატონო, გავიგე. ანუ თქვენ გქონდათ ქოუჩინგის სესიები ყოველგვარი გამოცდილების გარეშე და დადებითი უკუკავშირი მიიღეთ?
ქალის ხმა: არა, როგორ ვთქვა, წლების გამოცდილება მაქვს, მაგრამ ამას ქოუჩინგს არასდროს ვეძახდი. ფსიქოთერაპიულ სესიებს ან რამე მსგავსს ვეძახდი, მაგრამ ქოუჩინგს არა. ახლა კი მთხოვეს და მომეწონა ეს იდეა, ამიტომ მინდა უფრო ჩავუღრმავდე.
კაცის ხმა: შესანიშნავია, ახლა შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი პროგრამა ქოუჩინგის შესასწავლად. შემდეგი ფორმატები გვაქვს. ფუნდამენტური შესწავლა ნულოვანი დონიდან, რომ შეძლოთ პროფესიონალი ქოუჩის ყველა კომპეტენციის შეძენა. ჩვენ გაწვდით ქოუჩინგის სესიის საბაზისო მოდელს და შემდეგ ამ დარგში უფრო მოწინავე სპეციალისტად გაქცევთ. სწავლება გრძელდება 7.5 თვე. თქვენთვის მისაღებია სწავლების ეს ხანგრძლივობა?
ქალის ხმა: დიახ, არ არის პრობლემა. როგორ დიპლომს ან სერტიფიკატს გასცემთ ბოლოს?
კაცის ხმა: კურსის დამთავრების შემდეგ, მიიღებთ ორ დოკუმენტს. პირველი, ეს არის კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი, მაგრამ, საერთო ჯამში, ამ დოკუმენტს ქოუჩინგისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის ICF-ის ასოციაციის სერტიფიკატი. ეს არის ქოუჩინგის სფეროში წამყვანი ორგანიზაცია, ჩვენს კომპანიას კი მისი აკრედიტაცია აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სწავლებისთვის.
ქალის ხმა: შესანიშნავია.
კაცის ხმა: სწორედ ეს სერტიფიკატი მოგცემთ საშუალებას, რომ როგორც ქოუჩმა, ჩაატაროთ პრაქტიკები, დაწინაურდეთ სასწავლო პლატფორმებზე და პოზიციონირდეთ, როგორც პროფესიონალი ქოუჩი.
ქალის ხმა: შესანიშნავია, მადლობა.
კაცის ხმა: რისი ცოდნის სურვილი გაქვთ ზოგადად სწავლის პროცესთან დაკავშირებით? რა უნდა მოგიყვეთ?
ქალის ხმა: წერილობითი პროგრამა გაქვთ? დავალებები იქნება შესასრულებელი? თუ კი, როგორი? როგორ ხდება ეს საერთოდ?
კაცის ხმა: დიახ, გვაქვს, შემიძლია ვოთსაპზე გამოგიგზავნოთ, თუ გსურთ?
ქალის ხმა: დიახ, თუ არ შეწუხდებით.
კაცის ხმა: კი ბატონო, გამოგიგზავნით ინფორმაციას ვოთსაპზე. იმისთვის, რომ ლინკები გააქტიურდეს, უნდა გვიპასუხოთ და უკუკავშირთან დაკავშირებით შემიძლია კვირას დაგიკავშირდეთ.
ქალის ხმა: კი ბატონო, დიდი მადლობა.
კაცის ხმა: ახლახან გამოგიგზავნეთ. კარგ დღეს გისურვებთ. კავშირზე დავრჩებით.
ქალის ხმა: მადლობა, ასევე, ნახვამდის.
კაცის ხმა: ნახვამდის.
ქალის ხმა: ნახვამდის.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც "პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას".





